კაპიტოლიუმში შეჭრა

აშშ-ში დააკავეს ქალი, რომელსაც კონგრესში შეჭრისას ლეპტოპის მოპარვაში ადანაშაულებენ

აშშ-ში დააკავეს ქალი, რომელსაც კაპიტოლიუმში შეჭრის დროს წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, ნენსი პელოსის კაბინეტიდან ლეპტოპის მოპარვაში ადანაშაულებენ.

ქალი კაპიტოლიუმის შენობაში გადაღებულ ვიდეოებში ამოიცნეს. ის ტრამპის მხარდამჭერი, 22 წლის რაილი ჯუნ უილიამსია. მას ბრალად ედება აკრძალულ ტერიტორიაზე შესვლა და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა.

თუმცა, უილიამსის წინააღმდეგ ჩვენება მისცა მისმა ყოფილმა პარტნიორმა, რომელიც ირწმუნება, რომ ქალმა პელოსის კაბინეტიდან ლეპტოპი მოიპარა და აპირებდა, ინფორმაცია რუსეთის დაზვერვისათვის მიეყიდა.

ამ საკითხს გამოძიების ფედერალური ბიურო იძიებს.

კონგრესზე შტურმიდან 2 დღეში წარმომადგენელთა პალატის სპიკერის თანაშემწემ განაცხადა პელოსის კაბინეტიდან დაკარგული ლეპტოპის შესახებ. მოგვიანებით კი დააკონკრეტეს, რომ კომპიუტერი საკონფერენციო ოთახის იყო და მხოლოდ პრეზენტაციებისათვის გამოიყენებოდა.

კონგრესში შეჭრის ბრალდებით უკვე 200-ზე მეტი ადამიანია დაკავებული.

6 იანვარს წარმომადგენელთა პალატისა და სენატის ერთობლივი სხდომა მას შემდეგ შეწყდა, რაც ტრამპის მხარდამჭერი აქციის მონაწილეთა ნაწილი კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრა.

პოლიციას მათი შენობიდან გასაყვანად და წესრიგის აღსადგენად რამდენიმე საათი დასჭირდა. კანონმდებლები შენობიდან დაცვის თანხლებით გაიყვანეს. დედაქალაქში არეულობის აღსაკვეთად კომენდანტის საათი დაწესდა და მობილიზებული იყო ეროვნული გვარდია.

დაიღუპა 5 ადამიანი, მათ შორის ერთი სამართალდამცველი.

20 იანვარს ვაშინგტონში ჯო ბაიდენის ინაუგურაციაა დაგეგმილი. უსაფრთხოების დასაცავად მობილიზებულია ეროვნული გვარდიის ათასობით წევრი.

კომენტარები