კაპიტოლიუმში შეჭრა

ტრამპი მომიტინგეებს: პასუხს აგებთ ყველა, ვინც კანონი დაარღვიეთ

დონალდ ტრამპი

კონგრესის მიერ ჯო ბაიდენის გამარჯვების ოფიციალურად დამტკიცების შემდეგ დონალდ ტრამპმა საკუთარ twitter-ზე გაავრცელა ვიდეო, სადაც ის ლაპარაკობს ხელისუფლების მშვიდობიანად გადაბარებაზე და, ასევე, მიმართავს კაპიტოლიუმში შეჭრილ ადამიანებს და ამბობს, რომ ყველა, ვინც კანონი დაარღვია, დაისჯება.

"დემონსტრანტებმა, რომლებიც შეიჭრნენ კაპიტოლიუმში, ზიანი მიაყენეს ამერიკის დემოკრატიას. მივმართავ მათ, ვინც ძალადობასა და დესტრუქციაში მონაწილეობა მიიღო: თქვენ არ წარმოადგენთ ჩვენს ქვეყანას და ისინი, ვინც კანონი დაარღვია, პასუხს აგებთ." – თქვა მან

დონალდ ტრამპმა ასევე ილაპარაკა საარჩევნო წესებში ცვლილებების შეტანის აუცილებლობაზე და რომ მისი და მისი გუნდის მიზანი იყო არჩევნების სამართლიანობის უზრუნველყოფა .

"ახლახან გამოვიარეთ დაძაბული არჩევნების პერიოდი და ემოციურები ვართ, თუმცა ახლა უნდა დავმშვიდდეთ. ჩვენ მაქსიმალურად ვიცავდით ყველა სამართლებრივ მტკიცებულებას არჩევნების შედეგების გასაჩივრებისთვის. ჩემი ერთადერთი მიზანი იყო არჩევნების სამართლიანობის უზრუნველყოფა და ამგვარი მოქმედებით, ვცდილობდი ამერიკის დემოკრატიის დაცვას. მე კვლავ მწამს, რომ ჩვენ უნდა შევცვალოთ საარჩევნო კანონმდებლობა, რათა გადავამოწმოთ ყველა ამომრჩევლის იდენტობა და დასაშვებლობა და განვამტკიცოთ რწმენა ყველა მომდევნო არჩევნებისადმი. კონგრესმა არჩევნების შედეგები ოფიციალურად დაამტკიცა, ახალი ადმინისტრაციის ინაუგურაცია კი 20 იანვარს გაიმართება. ახლა ჩემი მიზანია, რომ მოხდეს ხელისუფლების მშვიდობიანად და მოწესრიგებულად გადაბარება." – ამბობს დონალდ ტრამპი


აშშ-ს კონგრესმა ოფიციალურად დაადასტურა საარჩევნო კოლეგიის მიერ მიცემული ხმები, რომლის მიხედვითაც მომდევნო პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გახდება, ვიცეპრეზიდენტი კი - კამალა ჰარისი. ისინი მოვალეობის შესრულებას 20 იანვრიდან შეუდგებიან.

წარმომადგენელთა პალატისა და სენატის ერთობლივი სხდომა მას შემდეგ შეწყდა, რაც ტრამპის მხარდამჭერი აქციის მონაწილეთა ნაწილი კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრა.

პოლიციას მათი შენობიდან გასაყვანად და წესრიგის აღსადგენად რამდენიმე საათი დასჭირდა. კანონმდებლები შენობიდან დაცვის თანხლებით გაიყვანეს. დედაქალაქში არეულობის აღსაკვეთად კომენდანტის საათი დაწესდა და მობილიზებული იყო ეროვნული გვარდია.

პოლიციის ინფორმაციით დაიღუპა 5 ადამიანი. მათ შორისაა ქალი, რომელიც კონგრესის შენობაში სროლისას დაიჭრა. სამმა პირმა კი დაზიანებები არეულობის დროს მიიღო. დააკავეს, სულ მცირე, 52 ადამიანი.

არეულობის დროს ტრამპმა კაპიტოლიუმში შეჭრილ საკუთარ მხარდამჭერებს მიმართა და კვლავ საარჩევნო დარღვევებზე ილაპარაკა, თუმცა მათ დაშლისკენ მოუწოდა.

"ვიცი თქვენი ტკივილი. ჩვენ გვქონდა არჩევნები, რომელიც მოგვპარეს. დიდი უპირატესობით მოვიგეთ და ყველამ იცის ეს, განსაკუთრებით მეორე მხარემ. მაგრამ ახლა სახლში უნდა წახვიდეთ. მშვიდობა უნდა გვქონდეს, კანონი და წესრიგი უნდა გვქონდეს. პატივი უნდა ვცეთ სამართალდამცველებს. არ გვინდა, რომ ვინმე დაშავდეს. ძალიან რთული პერიოდია. ასეთი დრო არასდროს ყოფილა, როდესაც ასეთი რამ მოხდა, და ჩვენ ყველას წაგვართვეს [არჩევნები], ეს გაყალბებული არჩევნები იყო, მაგრამ ვერ ვითამაშებთ ამ ხალხის სასარგებლოდ. მშვიდობა გვჭირდება. წადით სახლებში. გვიყვარხართ. ძალიან გამორჩეული ხალხი ხართ"

მოგვიანებით სხდომა განახლდა. რესპუბლიკელ კანონმდებელთა ნაწილმა სცადა, ხელი შეეშალა ბაიდენის გამარჯვების დამტკიცებისათვის. მათ გააპროტესტეს საარჩევნო კოლეგიის მიერ მიცემული ხმები რამდენიმე შტატში. ესენია: ჯორჯია, პენსილვანია, არიზონა, ნევადა და მიჩიგანი. არიზონის, ნევადისა და მიჩიგანის შემთხვევაში პროცედურა დებატებამდე არ მისულა. დებატები კონგრესის ორივე პალატაში გაიმართა ჯორჯიისა და პენსილვანიის ხმების თაობაზე, თუმცა არცერთმა პალატამ ამ პროტესტს მხარი არ დაუჭირა.

სენატორების ნაწილმა, რომელიც ამბობდა, რომ ბაიდენის გამარჯვების სერტიფიკაციას მხარს არ დაუჭერდა, კაპიტოლიუმის შენობაში შეჭრის შემდეგ პოზიცია შეიცვალა. მათ შორისაა ჯორჯიის სენატორი კელი ლოფლერი, რომელიც 5 იანვრას გამართული სენატის არჩევნების მეორე ტურში დემოკრატ კონკურენტთან დამარცხდა. პროტესტს მხარი არ დაუჭირა ტრამპის ერთ-ერთმა ყველაზე აქტიური მხარდამჭერმა ლინდსი გრემმაც.

"ერთადერთი, რის თქმაც შემიძლია, ის არის, რომ მე არ მიმათვალოთ. საკმარისია. ჯო ბაიდენი და კამალა ჰარისი კანონიერად აირჩიეს და გახდებიან პრეზიდენტი და ვიცე-პრეზიდენტი 20 იანვარს". - თქვა მან.

ვაშინგტონში განვითარებული მოვლენების პარალელურად ცნობილი გახდა, რომ ლოფლერი და ჯორჯიის კიდევ ერთი მოქმედი რესპუბლიკელი სენატორი არჩევნების მეორე ტურში დემოკრატ ოპონენტებთან მარცხდებიან. შედეგად რესპუბლიკური პარტია სენატში უმრავლესობას კარგავს.

კომენტარები