კაპიტოლიუმში შეჭრა

ბაიდენი კაპიტოლიუმში შეჭრაზე: ჩვენი დემოკრატია უპრეცედენტო თავდასხმის ქვეშაა

ჯო ბაიდენი

აშშ-ს არჩეული პრეზიდენტი ჯო ბაიდენი კაპიტოლიუმის შენობაში დონალდ ტრამპის მხარდამჭერების შეჭრას გამოეხმაურა:

"ყველა ხედავთ იმას, რასაც მე. ჩვენი დემოკრატია უპრეცედენტო თავდასხმის ქვეშაა. ასეთი არაფერი გვინახავს თანამედროვეობაში. ესაა თავდასხმა თავისუფლების ციტადელზე, თვით კაპიტოლიუმზე, თავდასხმა ხალხის წარმომადგენლებზე, კაპიტოლიუმის პოლიციელებსა და საჯარო მოხელეებზე, რომლებიც ჩვენი რესპუბლიკის გულში მუშაობენ. თავდასხმა კანონის ოთახზე, რომლის მსგავსიც მხოლოდ რამდენჯერმე გვინახავს. ესაა თავდასხმა აშშ-ს ყველაზე წმინდა საქმიანობაზე, ხალხის საქმის კეთებაზე.

კაპიტოლიუმში ქაოსის სცენა არ წარმოადგენს ნამდვილ ამერიკას, იმას, რაც რეალურად ვართ. ჩვენ ვხედავთ ექსტრემისტების მცირე ჯგუფს, რომელთა მიზანიც კანონის დარღვევაა. ეს არაა პროტესტი, ეს არეულობაა, ქაოსია. ეს უნდა დასრულდეს, ახლავე.

მოვუწოდებ ამ ბრბოს, უკან დაიხიონ და საშუალება მისცენ დემოკრატიას, წინ წავიდეს. ადრეც მითქვამს, სხვა კონტექსტში, პრეზიდენტის სიტყვები მნიშვნელოვანია, მიუხედავად იმისა, რამდენად კარგი ან ცუდია ეს პრეზიდენტი. საუკეთესო შემთხვევაში პრეზიდენტის სიტყვებს შეუძლია შთაგონება. უარეს შემთხვევაში - დაპირისპირების გაღვივება.

ამიტომ პრეზიდენტ ტრამპს მოვუწოდე,ბ გამოვიდეს ტელევიზიით ახლავე და შეასრულოს ფიცი და დაიცვას კონსტიტუცია. მოითხოვოს ამ ალყის დასრულება". - თქვა ბაიდენმა.

ტრამპმა აშშ-ს კონგრესის შენობაში შეჭრილ საკუთარ მხარდამჭერებს Twitter-ზე სიმშვიდისკენ მოუწოდა.

"აშშ-ს კაპიტოლიუმის შენობაში მყოფებს ვთხოვ, მშვიდობიანად მოიქცნენ. არავითარი ძალადობა! გახსოვდეთ, ჩვენ ვართ კანონის და სამართლის პარტია - პატივი ეცით კანონს და ლურჯ ფორმაში გამოწყობილ კაცებს და ქალებს [სამართალდამცველებს]. გმადლობთ!" - დაწერა მან ტვიტერზე.

თეთრი სახლის პრესსპიკერმა კეილი მაკინანმა დაწერა, რომ ტრამპის ბრძანებით კაპიტოლიუმის შენობაში წესრიგის დასამყარებლად ეროვნული გვარდია გაიგზავნა:

"პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ბრძანებით ეროვნული გვარდია და ფედერალური დაცვის სამსახურები გზაში არიან. ჩვენ ვიმეორებთ ტრამპის მოწოდებას და გთხოვთ, თავი შეიკავოთ ძალადობისაგან". - დაწერა მან. 

უცნობია, რა ხდება ამ წუთებში კაპიტოლიუმის შენობაში, სადაც ტრამპის მხარდამჭერი აქციის მონაწილეთა ნაწილი შეიჭრა.

კონგრესის შენობაში წარმომადგენელთა პალატისა და სენატის სხდომა მიმდინარეობდა, რომელიც მომიტინგეთა შეჭრის შემდეგ ჩაიშალა და კანონმდებლებმა შენობა დაცვის თანხლებით დატოვეს.

კაპიტოლიუმის შენობაში სროლა იყო. ამერიკული მედიის ინფორმაციით, დაჭრილია ერთი ქალი. CNN-ის მიხედვით მისი მდგომარეობა კრიტიკულია.

კონგრესს ოფიციალურად უნდა დაემტკიცებინა საარჩევნო კოლეგიის ხმები, რომლის მიხედვითაც აშშ-ს მომავალი პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გახდება. ტრამპის მხარდამჭერები ამას ეწინააღმდეგებიან. თავად ტრამპი დამარცხებას ამ დრომდე არ აღიარებს და კვლავ არჩევნების გაყალბებაზე ლაპარაკობს.

ტრამპმა სიმშვიდისკენ მოწოდებამდე გააკრიტიკა ვიცეპრეზიდენტი მაიკ პენსი, რომელმაც თქვა, რომ ის იზიარებს შეშფოთებას არჩევნების სამართლიანობის  შესახებ, მაგრამ, მისი თქმით, არ არის სწორი რომ მან ცალმხრივად უნდა მიიღოს ან უარყოს საარჩევნო კოლეგიის მიერ მიცემული ხმები. 

"მაიკ პენსს არ ეყო გამბედაობა, გაეკეთებინა ის, რაც საჭირო იყო ჩვენი ქვეყნის და კონსტიტუციის დასაცავად, რათა მიეცა სენატისთვის შანსი, დაემტკიცებინა შესწორებული ფაქტები და არა გაყალბებული და არასწორი ფაქტები. აშშ ითხოვს სიმართლეს!".

კომენტარები