არჩევნები 2020

ხაზარაძე ოცნებაზე: ნეტა გვესაუბრებოდნენ, ლელოს ასეთი "ბედნიერება" არ გვქონია

ლელოს ლიდერი, მამუკა ხაზარაძე ამბობს, რომ მისი პარტია არცერთხელ შეხვედრია ქართულ ოცნებას ორმხრივი მოლაპარაკებების ფარგლებში. ამის შესახებ მამუკა ხაზარაძემ კურიერის წამყვანის კითხვის პასუხად ისაუბრა. 

ჟურნალისტმა მამუკა ხაზარაძეს ერთი დღით ადრე ქართული ოცნების უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კობახიძის მიერ გაკეთებული განცხადება შეახსენა, რომ მმართველი გუნდი ფასილიტატორების გარეშე 5 პარტიას ხვდება და ჰკითხა, არის თუ არა ლელო მათ რიგებში. 

"ნეტა გვესაუბრებოდნენ და ძალიან ღიად მოვუყვებით საზოგადოებას, რას გვეტყოდნენ და რას ვუპასუხებდით ჩვენ. ასეთი "ბედნიერება" ჩვენ, ლელოს არ გვქონია.

ეს არის ტიპური ხრიკი, რომ საზოგადოებას უთხრან, რომ იცით, რა, ესენი ჩუმ-ჩუმად დადიან. მე არ ვიცი, ვინ დადის ჩუმ-ჩუმად ქართულ ოცნებასთან, ეს მათ ანგარიშზე და სინდისზე იყო, მაგრამ ლელოს მოლაპარაკება ხდება მხოლოდ და მხოლოდ ფასილიტატორების მონაწილეობით.

არანაირი დამოუკიდებელი საუბრები ლელოს მხრიდან არც ყოფილა და არც იქნება, არც სატელეფონო და არც სხვა სახის". – თქვა მამუკა ხაზარაძემ. 

29 დეკემბერს რუსთავი 2-ის ეთერში ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ ოპოზიციის 5 პარტიას ქართული ოცნება საერთაშორისო პარტნიორების გარეშე, ორმხრივი მოლაპარაკებების ფარგლებში შეხვდნენ. მოგვიანებით უმრავლესობის ლიდერმა თქვა, რომ "მოლაპარაკებები თითქმის ყველა ოპოზიციურ პარტიასთან" იყო, თუმცა, დეტალები, ელჩების მოთხოვნით, კონფიდენციალურია. 

ქართული ოცნების დეპუტატმა, მამუკა მდინარაძემ თქვა, რომ ეს მოლაპარაკებები არ ყოფილა იმ პარტიებთან, ვისზეც საზოგადოებას აქვს ეჭვი. 

კომენტარები