ბელარუსი

ალექსანდრ ლუკაშენკომ ტრადიციულ საახალწლო მეჯლისზე ვალსი იცეკვა [VIDEO]

ალექსანდრ ლუკაშენკო საახალწლო მეჯლისზე
Belta

ბელარუსის პრეზიდენტის რეზიდენციაში, დამოუკიდებლობის სასახლეში, 29 დეკემბერს ახალგაზრდებისთვის ტრადიციული საახალწლო მეჯლისი გაიმართა. ღონისძიება ალექსანდრ ლუკაშენკომ გახსნა. მეჯლისზე ვალსი ბელარუსის პრეზიდენტმაც იცეკვა.

"სრულიად მწამს თქვენი. დიახ, ჩვენ გვიწევს რთული დროის გადატანა. დიახ, ხანდახან  მოვლენების ავანგარდში ახალგაზრდა და ცხელი თავები, თქვენი თავებია. ასე იყო ყოველთვის. ჩემს დროსაც და შემდეგაც. მაგრამ დარწმუნებული ვარ, ადრე თუ გვიან ყველა ყველა ჩვენი შვილი გაიგონებს არა უცხოური Telegram-არხების მოწოდებებს, არამედ საღი აზრის ხმას და მადლობას ეტყვის იმ ხალხს, რომლებიც დღეს მომავლის წინა ხაზზე იბრძვიან". – თქვა ალექსანდრ ლუკაშენკო.

ლუკაშენკომ აღნიშნა, რომ ქვეყნის სამსახურში იქნებოდა, რათა დაიცვას და შეინარჩუნოს მისი მომავალი მეჯლისის თითოეული დამსწრე ახალგაზრდისთვის.

სამთავრობო მედიის Belta-ს ინფორმაციით, მეჯლისზე ბელარუსის სხვადასხვა რეგიონიდან 314 ადამიანი იყო დაპატიჟებული. მათ შორის უნივერსიტეტებისა და პროფესიულ-ტექნიკური სასწავლებლების სტუდენტები, სკოლის მოსწავლეები, პრეზიდენტის ფონდის სტიპენდიანტები, სხვადასხვა კონკურსების, კონფერენციებისა და ოლიმპიადების მონაწილეები და გამარჯვებულები.

9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ბელარუსში საპროტესტო აქციები იმართება. ალექსანდრ ლუკაშენკომ, რომელიც ქვეყანას 26 წელია მართავს, ხმების 80%-ით თავი გამარჯვებულად გამოაცხადა. ქვეყანაში დაიწყო მასშტაბური საპროტესტო აქციები, ოპოზიცია ხელახალი არჩევნების ჩატარებას მოითხოვს. აქციებზე  დააკავეს  ათიათასობით ადამიანი, მოკლულია, სულ მცირე, 7 დემონსტრანტი.

აქციებში აქტიურად მონაწილეობდნენ ახალგაზრდები. ოქტომბერში ალექსანდრ ლუკაშენკომ ბელარუსის უნივერსიტეტებს მოუწოდა გაეძევებინათ სტუდენტები, რომლებიც აქციებში მონაწილეობას იღებენ. 

"ვინც არასანქცირებულ აქციებზე წავიდა, კანონი დაარღვია, კარგავს უფლებას, იყოს სტუდენტი. გთხოვთ, როგორც მე ვთქვი, გაუშვით ისინი არმიაში და ზოგი ქუჩაში. მიეცით მათ უფლება, იარონ ქუჩაში. თუმცა, ისინი გაძევებულნი უნდა იყვნენ უნივერსიტეტიდან. იგივე ეხებათ მასწავლებლებს". – თქვა ლუკაშენკომ.

ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ დასავლეთში, აშშ-მ და ევროკავშირმა ლუკაშენკოს სანქციები დაუწესეს.

კომენტარები