არჩევნები 2020

ელისაშვილი უგულავაზე: ახალი წლის დღეებია და თავს ნუ მალანძღინებს

droa.ge

​"გიგი უგულავას არავინ არაფერს ეკითხება და ენას კბილი დააჭიროს, გამოდის ეს დღეები და გატლეკილა ეთერ-ეთერ, მძვინვარებს და გულზე მჯიღს ირტყამს. ახალი წლის დღეებია და თავს ნუ მალანძღინებს. თუ მაგრები არიან, სადმე ეთერში დამიჯდნენ დებატებში, უგულავა, ბოკერია და მთელი მათი რაზმი." - ასე გამოეხმაურა ალეკო ელისაშვილი ტვ პირველის ეთერში გიგი უგულავას კომენტარს, რომ მას უკვე "ერთი ფეხი პარლამენტში" აქვს.

ელისაშვილმა აღნიშნა, რომ პარლამენტში შესვლის საკითხს მოქალაქეები სახელმწიფოებრივად უყურებდნენ და ოთხივე საკითხზე რომელზეც მოლაპარაკებებს აწამროებდნენ, ქართულ ოცნებას უკან ახევინებდნენ. პარტია მოქალაქეების ლიდერის თანახმად, საკითხებიდან პოლიტპატიმრების გათავისუფლების გარდა უმნიშვნელოვანესია საარჩევნო სისტემის ძირეული ცვლილებები და თუ ამაზე შეთანხმდებიან, პარლამენტში შევლენ და "არ მოერიდებათ" არც გიგი უგულავასი, არც "უმანდატო ბოკერიასი" და ევროპული საქართველოს "ხელმოცარული ლიდერების".

ქართულ ოცნებასა და ოპოზიციას შორის, საერთაშორისო პარტნიორების მონაწილეობით, მოლაპარაკებების ოთხი რაუნდი უკვე გაიმართა. 

წინა მოლაპარაკებების დეტალები ამ დრომდე უცნობია საზოგადოებისთვის. სხვადასხვა ოპოზიციური ლიდერის მიერ ფრაგმენტულად გაკეთებული განცხადებების მიხედვით, ხელისუფლება კვლავ სრულად პროპორციული, 0%-იანი ბარიერის ინიციატივით გამოდის, რაც ერთხელ უკვე არ შეასრულა.

2020 წლის 31 ოქტომბერს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნების შედეგების გამოქვეყნებას ოპოზიციური პარტიებისა და ამომრჩევლების პროტესტი მოჰყვა. არჩევნების შედეგებს ყველა ოპოზიციურმა პარტიამ ბოიკოტი გამოუცხადა. ოპოზიციის საერთო მოთხოვნებია: თამარ ჟვანიას გადადგომა, რიგგარეშე, თავისუფალი არჩევნების ჩატარება და ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლება.

ამ დროისთვის, ოპოზიციის 60 დეპუტატიდან 55-მა უკვე ოფიციალურად თქვა მანდატზე უარი. განცხადება არ დაუწერიათ, თუმცა არც პარლამენტში შესულან გირჩი, ალეკო ელისაშვილის მოქალაქეები.

ერთპარტიულად შეკრებილი მეათე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა 11 დეკემბერს გაიმართა.

კომენტარები