კორონავირუსის ახალი შტამი

კორონავირუსის ახალი შტამი კანადაშიც გამოვლინდა

Reuters

კორონავირუსის ახალი შტამი კანადაშიც გამოვლინდა. ვირუსის ახალი ვარიანტი დიდი ბრიტანეთიდან კანადაში ჩასულ წყვილს დაუდგინდა. ისინი იზოლაციაში იმყოფებიან. 

კორონავირუსის ახალი შტამის გამოსავლენად კვლევა მიმდინარეობს საქართველოშიც. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით, კვლევა უკვე უტარდება ერთ პაციენტს, ასევე ჩაუტარდება კიდევ ორ პაციენტსაც. მისივე თქმით, პასუხი ხუთშაბათს ან პარასკევს იქნება ცნობილი.

25 დეკემბერს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული დირექტორის, ჰანს კლუგეს განცხადებით, ევროპის რეგიონის 8 ქვეყანაში ამოიცნეს COVID19-ის ახალი ვარიანტი VOC-202012/01. მას არ დაუკონკრეტებია ეს ქვეყნები.

აღსანიშნავია, რომ საფრანგეთში კორონავირუსის ახალი ვარიანტის პირველი შემთხვევა დადასტურდა. შემთხვევა ქალაქ ტურში დაუდასტურდა საფრანგეთის მოქალაქეს, რომელიც ლონდონიდან 19 დეკემბერს ჩავიდა. ჯანმრთელობის სამინისტროს ინფორმაციით, პაციენტი უსიმპტომო იყო და ახლა ის სახლშია, თვითიზოლაციაში. 

25 დეკემბერს იაპონიაშიც გამოვლინდა კორონავირუსის ახალი ვარიანტის 5 შემთხვევა. პირები, რომლებსაც ახალი ვარიანტის კორონავირუსი დაუდასტურდათ, ბრიტანეთიდან ჩავიდნენ. მანამდე, ახალი ვარიანტის შემთხვევები დანიაში, ნიდერლანდებში და ავსტრალიაში გამოვლინდა.  ახალი შტამი გამოვლინდა იტალიაშიც.

14 დეკემბერს ბრიტანეთში განაცხადეს, რომ კორონავირუსის ახალ შტამი გამოავლინეს და ის 70%-ით უფრო გადამდებია

23 დეკემბერს გაერთიანებულ სამეფოში ამოიცნეს  კორონავირუსის კიდევ ერთი, ახალი, "უფრო გადამდები" შტამის ორი შემთხვევა, აცხადებს ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრი, მეტ ჰენკოკი. ორივე შემთხვევა უკავშირება სამხრეთ აფრიკიდან მოგზაურობას, სადაც ამ ახალმა შტამმა შემთხვევათა მკვეთრი ზრდა გამოიწვია. 

კომენტარები