არჩევნები 2020

კობახიძე: მე-5 რაუნდი იმდენი ხანი გაიწელა, ჯობს პირდაპირ მე-6 რაუნდზე გადავიდეთ

"მე მგონი, მე-5 რაუნდი იმდენი ხანი გაიწელა, რომ ჯობს, პირდაპირ მე-6 რაუნდზე გადავიდეთ. თან ქართულ პოლიტიკაში 5-იანი დათარსული ციფრია". – ხუმრობს ქართული ოცნების საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ირაკლი კობახიძე POSTV-ის ეთერში.

მისივე თქმით, ოპოზიციასა და ხელისფლებას შორის, ფასილიტატორი ელჩების მონაწილეობით, მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდი, სავარაუდოდ, მომავალ წელს, იანვრის შუა რიცხვებში გაიმართება.

"რაც შეეხება ვადებს, ახლა დაიწყო უკვე საშობაო არდადეგები, მათ შორის, ჩვენი მეგობარი უცხოელებისთვის, ამიტომ, წლის ბოლომდე აღარაა მოსალოდნელი მეხუთე რაუნდის გამართვა. ალბათ, არც ნაახალწლევს. ალბათ, იანვრის შუა რიცხვებიდან იქნება შესაძლებელი მე-5 რაუნდის გამართვა". – ამბობს ირაკლი კობახიძე.

ოპოზიცია მეხუთე რაუნდამდე ხელისუფლებას პლებისციტზე შეთანხმებას სთავაზობს.


ქართულ ოცნებასა და ოპოზიციას შორის, საერთაშორისო პარტნიორების მონაწილეობით, მოლაპარაკებების ოთხი რაუნდი უკვე გაიმართა. 

წინა მოლაპარაკებების დეტალები ამ დრომდე უცნობია საზოგადოებისთვის. სხვადასხვა ოპოზიციური ლიდერის მიერ ფრაგმენტულად გაკეთებული განცხადებების მიხედვით, ხელისუფლება კვლავ სრულად პროპორციული, 0%-იანი ბარიერის ინიციატივით გამოდის, რაც ერთხელ უკვე არ შეასრულა.

2020 წლის 31 ოქტომბერს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნების შედეგების გამოქვეყნებას ოპოზიციური პარტიებისა და ამომრჩევლების პროტესტი მოჰყვა. არჩევნების შედეგებს ყველა ოპოზიციურმა პარტიამ ბოიკოტი გამოუცხადა და არცერთი მათგანი საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტში არ შედის. ოპოზიციის საერთო მოთხოვნებია: თამარ ჟვანიას გადადგომა, რიგგარეშე, თავისუფალი არჩევნების ჩატარება და ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლება.

ერთპარტიულად შეკრებილი მეათე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა 11 დეკემბერს გაიმართა.

კომენტარები