არჩევნები 2020

ბოკერია: თუ პლებისციტი ხალხის ნებას გამოავლენს, ეს ნება ყველამ უნდა მიიღოს

ტაბულა

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას თქმით, ოპოზიცია მეხუთე რაუნდამდე ხელისუფლებას პლებისციტზე შეთანხმებას სთავაზობს. მისი თქმით, ეს არის ის მაქსიმალური კომპრომისი, რაც შეიძლება დაუშვან. 

"მეხუთე რაუნდამდე შეთავაზებული კომპრომისი არის, ვინაიდან ვერ ვთანხმდებით, დავუსვათ ეს კითხვა ჩვენს მოქალაქეებს. საარჩევნო ადმინისტრაციის რეფორმასთან ერთად, შევთანხმდეთ პლებისციტზე, სადაც დაისმევა კონკრეტული კითხვა ხალხისთვის - გსურთ თუ არა, რომ არჩევნები ჩატარდეს შემოდგომაზე 2021-ის ან ნებისმიერ დროს ხელახლა და ჩვენმა მოქალაქეებმა გასცენ პასუხი ამ კითხვას. ეს არის მაქსიმალური კომპრომისი, რაც კი შეიძლება იყოს. 

ჩვენ ჯერ შევთავაზეთ ვადამდელი არჩევნების ჩატარება და ახლა ვთავაზობთ პლებისციტს ვადამდელი არჩევნების ჩატარებაზე, ბუნებრივია, სხვა ჩვენს მოთხოვნებთან ერთად". –ამბობს ბოკერია. 

ჟურნალისტის კითხვაზე, შევა თუ არა ის პარლამენტში პლებისციტის შემდეგ, ბოკერია ამბობს, რომ თუ პლებისციტში ხალხის ნება გამოვლინდა, მაშინ ასე უფრო ლოგიკური იქნება. 

"თუ პლებისციტზე იქნება თანხმობა, თუ წესებზე იქნება თანხმობა და ხალხის ნება ამ პლებისციტში გამოვლინდა, რომ არ სურთ ახალი არჩევნები, მაშინ ეს ნება უნდა მიიღოს ყველამ. ეს უფრო ლოგიკური იქნება". – ამბობს ბოკერია.

ქართულ ოცნებასა და ოპოზიციას შორის, საერთაშორისო პარტნიორების მონაწილეობით, მოლაპარაკებების ოთხი რაუნდი უკვე გაიმართა. 

 წინა მოლაპარაკებების დეტალები ამ დრომდე უცნობია საზოგადოებისთვის. სხვადასხვა ოპოზიციური ლიდერის მიერ ფრაგმენტულად გაკეთებული განცხადებების მიხედვით, ხელისუფლება კვლავ სრულად პროპორციული, 0%-იანი ბარიერის ინიციატივით გამოდის, რაც ერთხელ უკვე არ შეასრულა.

2020 წლის 31 ოქტომბერს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნების შედეგების გამოქვეყნებას ოპოზიციური პარტიებისა და ამომრჩევლების პროტესტი მოჰყვა. არჩევნების შედეგებს ყველა ოპოზიციურმა პარტიამ ბოიკოტი გამოუცხადა და არცერთი მათგანი საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტში არ შედის. ოპოზიციის საერთო მოთხოვნებია: თამარ ჟვანიას გადადგომა, რიგგარეშე, თავისუფალი არჩევნების ჩატარება და ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლება.

მეათე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა 11 დეკემბერს გაიმართა. თავდაპირველად ოპოზიცია ამ დღეს ფართომასშტაბიან აქციას გეგმავდა, თუმცა, მოგვიანებით ეპიდემიური ვითარებიდან გამომდინარე, ლიდერებმა გადაწყვიტეს, რომ აქციას მხოლოდ თავად გამართავენ.

    კომენტარები