არჩევნები 2020

ელენე ნიჟარაძე ISFED-ის ხელმძღვანელი აღარ არის – ორგანიზაციის განმარტება

ფორმულა

სამართლიანი არჩევნების ბორდის წევრებმა ორგანიზაციაში გამართულ ბრიფინგზე დაადასტურეს, რომ ელენე ნიჟარაძე აღარ არის ISFED-ის ხელმძღვანელი. სამართლიანი არჩევნების წარმომადგენლებმა ისაუბრეს იმ შეცდომაზე, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პარალელური დათვლის პროცედურაში გამოვლინდა. სამართლიანი არჩევნების გამგეობა მიიჩნევს, რომ ხმების პარალელური დათვლისას დაშვებული ხარვეზი ადამიანური შეცდომაა, თუმცა ამ შეცდომის საზოგადოებისთვის დაგვიანებით გაცნობის პასუხისმგებლობა აღმასრულებელ დირექტორს ეკისრება.

ორგანიზაციის სამეთვალყურეო საბჭოს წევრის, თამარ სართანიას განმარტებით, პარალელური დათვლის პროცედურაზე მუშაობის პროცესში ჩართული იყო NDI-ც, თუმცა სამართლიან არჩევნებს NDI-სთვის წერილობით არ უცნობებია, რომ საქართველოს კანონმდებლობით, ბათილი ბიულეტენები ხმებს არ უნდა მიეთვალოს.

"შიდა აუდიტის დროს გამოვლინდა ხარვეზი – ფორმულა, რომლიც ითვლიდა საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების რაოდენობას, ასევე ათვლიდა ბათილ ბიულეტენებსაც. საქართველოს კანონმდებლობით, როცა ვითვლით საარჩევნო სუბიექტების პროცენტულ მაჩვენებელს ბათილი ბიულეტენები არ ითვლება, ითვლება მხოლოდ ნამდვილი ხმები. ხარვეზის გასწორების შემდეგ ISFED-ის PVT-ის შედეგები მიუახლოვდა ცესკოს შედეგებს". – თქვა სართანიამ

ISFED-ის ყოფილი ხელმძღვანელის, ელენე ნიჟარაძის თქმით, სამეთვალყურეო საბჭოს აზრით, მისი თანამდებობიდან გადადგომა, ორგანიზაციის რეპუტაციის დაცვას ისახავს მიზნად და გადაწყვეტილება კონსულტაციის შედეგად მან თავად მიიღო.

"ჩემთვის პრობლემა არ იყო თანამდებობიდან გადადგომა, თუ ეს მიზნად ისახავს და შეუძლია ორგანიზაციის რეპუტაცია დაიცვას თავდასხმებისგან. შეცდომა პირადად ჩემთვის იყო ძალიან მძიმე, მაგრამ ეს გავლენას ვერ მოახდენდა ვერც მანდატებზე პროპორციულ ნაწილში და ვერც ვერანაირად პოლიტიკური კრიზისის შექმნას ქვეყანაში ხელს ვერ შეუწყობდა. 

ეს საკითხი [ელენე ნიჟარაძის თანამდებობის დატოვება] როცა დადგა, ბორდმა გამოაქვეყნა და ისაუბრეს იმის შესახებ, რომ ისინი ხედავენ ჩემი პასუხისმგებლობის საკითხს, აქ იყო ჩემი ცალსახა მიდგომა, რომ მე შემიძლია, ეს გადაწყვეტილება მივიღო და გადავდგე თანამდებობიდან. მათ თავისი შეფასება გამაცნეს და მე მივიღე გადწყვეტილება". – თქვა ნიჟარაძემ.

ISFED-მა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგების პარალელური დათვლა ჩაატარა. 11 სექტემბერს, ორგანიზაციამ გაავრცელა განცხადება, რომ შიდა აუდიტით გამოვლინდა ხარვეზი არჩევნებზე ხმების პარალელური დათვლის მეთოდოლოგიის (PVT) საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების გამოსათვლელ ფორმულაში, რომლის შედეგადაც ქართულ ოცნებას არჩევნებზე ხმების 45.8%-ის ნაცვლად 47.6% აქვს. სამართლიან არჩევნებში აცხადებდნენ, რომ ეს სხვაობა გავლენას არ ახდენს არცერთი საარჩევნო სუბიექტის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობაზე, ხოლო არჩევნების დაბალი სტანდარტით ჩატარება კვლავ გამოიხატება საარჩევნო უბნების ოქმების 8%-ში აღმოჩენილ დისბალანსში.

ელენე ნიჟარაძემ 12 დეკემბერს თქვა, არ გაუკვირდება, რომ მის სატელეფონო ჩანაწერებს უსმენდნენ. ნიჟარაძე ასევე საუბრობდა ქართული ოცნების წევრებთან შეხვედრაზე, როდესაც მათ ორგანიზაციას პარალელური დათვლის უბნების სიის მიწოდება სთხოვეს. 

მმართველი გუნდის შეფასებით, ISFED-ის განცხადების შემდეგ მოლაპარაკებების რეალობა შეიცვალა და ოპოზიციურ სპექტრს ბოდიში უნდა მოეხადა. ქართული ოცნების პოზიციით, ოპოზიციისთვის საპარლამენტო არჩევნების გაყალბების მთავარი არგუმენტი სწორედ ISFED-ის პარალელური დათვლის შედეგები იყო.

კომენტარები