კორონავირუსი საქართველოში

გაბუნია: მარტი ვაქცინაციის დასაწყებად რეალური დროა, ვცდილობთ, უფრო ადრეც

თამარ გაბუნია

"მარტი არის ის რეალური დრო, რომელიც გვაქვს განსაზღვრული ვაქცინაციის დასაწყებად, თუმცა, ვცდილობთ, უფრო ადრეც, თუ ამის შესაძლებლობა მოგვეცემა" - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

თამარ გაბუნიას განმარტებით, იმისთვის, რომ ქვეყანამ ვაქცინა მიიღოს, მას უნდა ჰქონდეს ვაქცინის დანერგვის გეგმა.

"ეს უნდა ითვალისწინებდეს ყველა იმ ასპექტს, რომელიც მოიცავს რეგულირებას, პერსონალს, "ცივ ჯაჭვს", იანვრის ბოლოს დასრულდება გეგმის შემუშავება, ამაში ჩართულია მსოფლიო ბანკი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, აზიის განვითარების ბანკი, ექსპერტების ჯგუფი. ამ პირობას, რა თქმა უნდა, შევასრულებთ" - ამბობს მინისტრის მოადგილე.

რაც შეეება „ცივ ჯაჭვს“, თანარ გაბუნიას მტკიცებით, საქართველოს "დღესვე" შეუძლია, "მიიღოს და განახორციელოს ვაქცინაცია" იმ სამი ძირითადი ვაქცინით, რომელიც დღეს ყველაზე რეალური კანდიდატია.

"საუბარი მაქვს ასტრაზენეკაზე, რომელსაც სჭირდება 2-დან 8 გრადუსამდე და ეს ჩვენ შეგვიძლია მივიღოთ როგორც კოვაქსის პლატფორმიდან, ისე ევროპის ქვეყნებთან ორმხრივი მოლაპარაკებისას. კონკრეტული წინადადებები უკვე იკვეთება.

ასევე არის ფაიზერის ოფცია, რომელიც მინუს 70 გრადუსს საჭიროებს ვაქცინაციისთვის და რამდენიმე მაცივარი ქვეყანაში უკვე არის. იგივე შემიძლია ვთქვა მოდერნაზე, რომელსაც მინუს 20 გრადუსი სჭირდება, ამისი ტექნიკური შესაძლებლობაც არსებიბს ქვეყანაში, პერსონალის გადამზადება, რადგან ქვეყანას იმუნიზაციის წარმოების დიდი გამოცდილება აქვს. ტექნიკურად ამის უზრუნველყოფის ორგანიზება პრობლემა ნამდვილად არ იქნება". - ამბობს გაბუნია.

კომენტარები