არჩევნები 2020

ინაშვილი: მე და პარტიას ავთანდილ ენუქიძის გადაწყვეტილებაში ჩარევის ბერკეტი არ გვაქვს

ტაბულა

პატრიოტთა ალიანსის ლიდერის, ირმა ინაშვილის თქმით, მას და პარტიას არ აქვთ ბერკეტი, ჩაერიონ მათი თანაპარტიელის, ავთანდილ ენუქიძის გადაწყვეტილებაში პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით.

"მე - ირმა ინაშვილი, გიორგი ლომია და გოჩა თევდორაძე არ შევდივართ პარლამეტში, ანუ ამ პარტიის პოლიტიკური შემადგენელი არ შედის მე-10 მოწვევის პარლამენტში. მოგეხსენებათ, ყველა პარტიაში არის ბიზნეს შემადგენელი. ბატონი ავთო წლების მანძილზე არის ჩვენი პარტიის მხარდამჭერი, ის არის შემომწირველი, აფინანსებდა არჩევნებს, შესაბამისად ის თავისუფალია მის ქმედებებში, მე და პარტიას არანაირი ბერკეტი არ გვაქვს, ჩავერიოთ ბატონი ავთოს გადაწყვეტილებაში". – თქვა ინაშვილმა.

პატრიოტთა ალიანსის მეოთხე ნომერმა, ავთანდილ ენუქიძემ, დღეს თქვა, რომ არ იცის როდის შევა პარლამენტში, თუმცა მანდატი არ ჩაუბარებია და არც ჩააბარებს.

ცესკოს შედეგებით, პატრიოტთა ალიანსს  3.14% და 4 მანდატი ჰქონდა. პრორუსული პარტიის 3-მა წევრმა პარლამენტს მანდატების გაუქმების მოთხოვნით 21 დეკემბერს მიმართა

ამ დროისთვის ოპოზიციის 60 დეპუტატიდან 55-მა უკვე ოფიციალურად თქვა მანდატზე უარი. განცხადება არ დაუწერიათ, თუმცა არც პარლამენტში შესულან გირჩი და ალეკო ელისაშვილის მოქალაქეები.

კომენტარები