არჩევნები 2020

ჩარკვიანი: 3 კვირის წინ იყვნენ ჩემთან მოსულები ქართული ოცნების სახელით

სტრატეგია აღმაშენებლის ერთერთი ლიდერი, თაკო ჩარკვიანი ამბობს, რომ 3 კვირის წინ მასთან ქართული ოცნების წარმომადგენლები მივიდნენ და მის გადაბირებას ცდილობდნენ, რათა ის პარლამენტში შესულიყო. 

როგორც თაკო ჩარკვიანი მთავარ არხთან საუბარში ამბობს, თავდაპირველად, მას დაემუქრნენ ოჯახის წევრების ბიზნესების "განადგურებით", ხოლო მოგვიანებით კი მისი მოსყიდვა სცადეს. თაკო ჩარკვიანი ამბობს იმასაც, რომ მისი ინფორმაციით, ის ერთადერთი არ არის, ვისთანაც მმართველი გუნდის ლიდერები კარდაკარ დადიან. 

"აი, ასე დაძრწიან "ტექნიკურად"... ვისთან ლიდერები მიდიან, ვისთან ლიდერებთან ძალიან დაახლოებული პირები და ვისთან შუამავლები. ვის რა წონას ადებენ ქართულ პოლიტიკაში, იმის მიხედვით ესაუბრებიან". – თქვა თაკო ჩარკვიანმა. 

ოპოზიციონერ პოლიტიკოსს არ დაუსახელებია კონკრეტული სახელი და გვარი, თუ ვინ მივიდა მისთან, თუმცა აღნიშნა, რომ ამაზე მოგვიანებით გააკეთებს განცხადებას და ამ დროისთვის საკმარისზე მეტი თქვა. 

"სამი კვირის წინ ჩვენთან იყვნენ. არამხოლოდ ჩემთან იყვნენ. რამდენადაც ვიცი, ვიღაცებთან სულ ცოტა ხნის წინ იყო ამაზე ლაპარაკი, ერთი კვირის წინ. კიდევ ვიცი ვიღაცებისგან, რომ გრძელდებოდა ამ ტიპის საუბრები". –  ამბობს თაკო ჩარკვიანი. 

სტრატეგია აღმაშენებლის დამფუძნებელი, გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ მასთან არავინ მისულა ქართული ოცნებიდან, თუმცა აქვს ინფორმაცია იმის შესახებ, რაზეც მისი თანაგუნდელი საუბრობს. 

გიორგი ვაშაძემ უკვე ჩახსნა პარტიული სია და პარტიიდან პარლამენტში შესულმა დეპუტატებმა მანდატებზეც თქვეს უარი. 

კომენტარები