არჩევნები 2020

საია: პროტესტის გამო პარტიებისთვის დაფინანსების შეწყვეტის მიზანი ოპოზიციის დასჯაა

ტაბულა

არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ პარლამენტს პარტიების დაფინანსების შესახებ კანონში ინიცირებული ცვლილებების შესახებ დასკვნა გაუგზავნა. 

საია მიიჩნევს, რომ პოლიტიკური პროტესტის გამო პარტიებისთვის სახელმწიფო დაფინანსების შეწყვეტის მიზანი ოპოზიციის დასჯაა. 

"პარტიების სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსება, პირველ რიგში, ემსახურება პარტიების ქმედითუნარიანობის უზრუნველყოფას. ის არ ემსახურება მხოლოდ პარტიის საპარლამენტო საქმიანობის ხელშეწყობას. პოლიტიკურ პარტიებსა და კანდიდატებს სჭირდებათ ფულად სახსრებზე წვდომა, რათა ამომრჩევლამდე მიიტანონ თავიანთი მიზნები და ხედვა პოლიტიკის შესახებ, და ამავე დროს მიიღონ ხალხის შეხედულებების თაობაზე ინფორმაცია. 

ამ ფონზე მმართველი გუნდის მიერ ინიცირებული პროექტის მიხედვით პარტიებისთვის სახელმწიფო დაფინანსების ჩამორთმევა ორგანიზაციის მიერ აღიქმება, როგორც ხელისუფლების მხრიდან ოპოზიციისთვის განკუთვნილი თვითნებური სასჯელი". – წერია განცხადებაში

არასამთავრობო ორგანიზაცია პარლამენტს მოუწოდებს, მხედველობაში მიიღოს პარტიათა სახელმწიფო დაფინანსების მიზნები, დანიშნულება, არ დაუშვას პოლიტიკური პარტიების არაპროპორციულად შემზღუდველი დაუსაბუთებელი ნორმების გაჩენა კანონმდებლობაში და არ მიიღოს წარმოდგენილი კანონპროექტი. 

ქართული ოცნების ერთპარტიულმა პარლამენტმა კენჭი უყარა და პირველი მოსმენით მიიღო მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონში შესატანი ცვლილება, რომლის მიხედვით, სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხას მიიღებს მხოლოდ ის პარტია, რომელიც მისთვის განკუთვნილ პარლამენტის წევრის მანდატს ან მანდატების ნახევარს მაინც აითვისებს. კანონპროექტში ასევე აღნიშნულია, რომ პარტია მომავალი წლის საბიუჯეტო დაფინანსებას ვერ მიიღებს, თუ მისი წარდგენით არჩეულ პარლამენტის წევრთა ნახევარი მაინც არასაპატიო მიზეზით გააცდენს მიმდინარე მოწვევის პარლამენტის წინა წლის ყველა პლენარულ სხდომას.

გადაწყვეტილება უმრავლესობამ მას შემდეგ მიიღო, რაც ოპოზიციური პარტიების დიდმა ნაწილმა პარლამენტში შესვლაზე უარი თქვა, ვინაიდან მიიჩნევენ, რომ 31 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები არ გამოხატავდა ქართველი ხალხის ნებას და არჩევნები გაყალბდა. 

კომენტარები