არჩევნები 2020

დეგნანი: არ ვეთანხმები ნებისმიერ კანონს, რომელიც ოპოზიციის განვითარებას ზღუდავს

კელი დეგნანი

აშშ-ს ელჩმა კელი დეგნანმა გიორგი თარგამაძის ფორმულასთან ინტერვიუში საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე ისაუბრა. ელჩმა აღნიშნა, რომ არ ეთანხმება კანონპროექტს, რომელიც ოპოზიციური პარტიის საარჩევნო რეგისტრაციიდან მოხსნასა და პარტიების დაფინანსების შეწყვეტას ითვალისწინებს.

"მე არ ვეთანხმები ნებისმიერ კანონს, რომელიც ოპოზიციის განვითარებას ზღუდავს. ასევე, ზღუდავს მის წვდომას მედიაზე, რომ მიაწოდონ ამომრჩეველს სრული ინფორმაცია. იმედი მაქვს, ეს კანონი გადაიხედება მიღებამდე". – ამბობს კელი დეგნანმა.

ელჩმა აღნიშნა, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში ერთპარტიული პარლამენტი "უკიდურესად დამაზიანებელი" იქნება და არჩევნებში ცხრა პარტიის არჩევა ნათლად გამოხატავს ქართველი ხალხის ნებას.

საქართველოს ერთპარტიულმა პარლამენტმა კენჭი უყარა და პირველი მოსმენით მიიღო მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონში შესატანი ცვლილება, რომლის მიხედვით, სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხას მიიღებს მხოლოდ ის პარტია, რომელიც მისთვის განკუთვნილ პარლამენტის წევრის მანდატს ან მანდატების ნახევარს მაინც აითვისებს. კანონპროექტში ასევე აღნიშნულია, რომ პარტია მომავალი წლის საბიუჯეტო დაფინანსებას ვერ მიიღებს, თუ მისი წარდგენით არჩეულ პარლამენტის წევრთა ნახევარი მაინც არასაპატიო მიზეზით გააცდენს მიმდინარე მოწვევის პარლამენტის წინა წლის ყველა პლენარულ სხდომას.

ასევე, პირველი მოსმენით პარლამენტმა მიიღო კანონი, რომლის მიხედვით, თუ პოლიტიკური პარტიის წინასაარჩევნო აგიტაციაში ლიდერის რანგში მონაწილეობს პირი, რომელიც არ აკმაყოფილებს აქტიური საარჩევნო უფლების რეალიზაციისათვის საქართველოს კონსტიტუციით დადგენილ რომელიმე ცენზს, ცესკო-ს განკარგულებით, საარჩევნო სუბიექტს გაუუქმდება საარჩევნო რეგისტრაცია.

ამ დროისთვის, ოპოზიციის 60 დეპუტატიდან 55-მა უკვე ოფიციალურად თქვა მანდატზე უარი. განცხადება არ დაუწერიათ, თუმცა არც პარლამენტში შესულან გირჩი, ალეკო ელისაშვილის მოქალაქეები.

საბიუჯეტო დაფინანსების მიღებისთვის 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე 14 ზღვარგადალახული პოლიტიკური პარტიიდან ცენტრალურ საარჩევნო კომისიას 12-მა მიმართა. პარტიებისთვის გამოყოფილი დაფინანსება სრულად შეგიძლიათ, იხილოთ აქ.

 

კომენტარები