არჩევნები 2020

EPP: შეშფოთებულები ვართ ქართული ოცნების საკანონმდებლო ინიციატივით

ევროპის სახალხო პარტია

ევროპარლამენტის ყველაზე დიდი პარტია ქართული ოცნების ბოლოდროინდელ საკანონმდებლო ინიციატივას ეხმაურება, რომელიც ხელისუფლებას საშუალებას მისცემს, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა საარჩევნო რეგისტრაციიდან მოხსნას. 

როგორც ევროპის სახალხო პარტია Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე წერს, ისინი შეშფოთებულები არიან ინიციატივით და მმართველ გუნდს ევროკავშირის ღირებულებების დაცვისკენ მოუწოდებენ. 

"ევროპის სახალხო პარტია ღრმად შეშფოთებულია საქართველოს მმართველი პარტიის ინიციატივით, რომელიც მიმართულია ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის წინააღმდეგ, რომელსაც მოსახლეობის ერთი მესამედი უჭერს მხარს. 

დაჟინებით მოვუწოდებთ საქართველოს, გააგრძელოს ევროკავშირის ღირებულებებისკენ სვლა და ოპოზიციის დემოკრატიული უფლებების შეზღუდვის ნაცვლად, დაუბრუნდეს კონსტრუქციულ დიალოგს, რათა იპოვონ კომპრომისული გამოსავალი, რომლითაც საქართველოს ყველა მოქალაქე მიიღებს სარგებელს". – წერია განცხადებაში. 

ქართული ოცნების ერთპარტიულმა პარლამენტმა პირველი მოსმენით პარლამენტმა მიიღო კანონი, რომლის მიხედვით, თუ პოლიტიკური პარტიის წინასაარჩევნო აგიტაციაში ლიდერის რანგში მონაწილეობს პირი, რომელიც არ აკმაყოფილებს აქტიური საარჩევნო უფლების რეალიზაციისათვის საქართველოს კონსტიტუციით დადგენილ რომელიმე ცენზს, ცესკო-ს განკარგულებით, საარჩევნო სუბიექტს გაუუქმდება საარჩევნო რეგისტრაცია.

როგორც ინიციატივის ავტორმა, ირაკლი კობახიძემ თქვა, შემდგომი საპარლამენტო განხილვები გადაიდება იმ დრომდე, სანამ ისინი არ მიიღებენ ოდირისა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს კანონპროექტებთან დაკავშირებით. 

კომენტარები