არჩევნები 2020

ოხანაშვილი: ქართული ოცნების მხრიდან პლებისციტზე შეთავაზება არ განიხილება

ანრი ოხანაშვილი
საქართველოს პარლამენტი

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის თქმით, ქართული ოცნება ოპოზიციისთვის პლებისციტის შეთავაზებას არ აპირებს.

მისივე თქმით, ხელისუფლება მზად არის ოპოზიციასთან მოლაპარაკების პროცესი განაგრძოს.

"ჩვენ მზად ვართ, დემოკრატიული პროცესების ფარგლებში, განვაგრძოთ მოლაპარაკების პროცესი, მითუმეტეს, როდესაც ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების წარმომადგენლების უშუალო მონაწილეობით იმართება ეს შეხვედრები. შესაბამისად, მოლაპარაკების მაგიდასთან ოპონენტები რა საკითხს დასვამენ, ვერ გეტყვით, თუმცა, ჩვენი მხრიდან, რაიმე ტიპის კონკრეტული შეთავაზება პლებისციტზე და ა.შ. არ განიხილება. თუმცა, დიალოგი და მოლაპარაკებები სწორედ იმას ნიშნავს, რომ არა წინმსწრებად რაიმე საკითხებზე ვისაუბროთ, არამედ, სწორედ მოლაპარაკებათა მაგიდასთან შევაჯეროთ პოზიციები". – ამბობს ოხანაშვილი. 

ქართულ ოცნებასა და ოპოზიციას შორის, საერთაშორისო პარტნიორების მონაწილეობით, მოლაპარაკებების ოთხი რაუნდი უკვე გაიმართა. 

 წინა მოლაპარაკებების დეტალები ამ დრომდე უცნობია საზოგადოებისთვის. სხვადასხვა ოპოზიციური ლიდერის მიერ ფრაგმენტულად გაკეთებული განცხადებების მიხედვით, ხელისუფლება კვლავ სრულად პროპორციული, 0%-იანი ბარიერის ინიციატივით გამოდის, რაც ერთხელ უკვე არ შეასრულა.

2020 წლის 31 ოქტომბერს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნების შედეგების გამოქვეყნებას ოპოზიციური პარტიებისა და ამომრჩევლების პროტესტი მოჰყვა. არჩევნების შედეგებს ყველა ოპოზიციურმა პარტიამ ბოიკოტი გამოუცხადა და არცერთი მათგანი საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტში არ შედის. ოპოზიციის საერთო მოთხოვნებია: თამარ ჟვანიას გადადგომა, რიგგარეშე, თავისუფალი არჩევნების ჩატარება და ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლება.

მეათე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა 11 დეკემბერს გაიმართა. თავდაპირველად ოპოზიცია ამ დღეს ფართომასშტაბიან აქციას გეგმავდა, თუმცა, მოგვიანებით ეპიდემიური ვითარებიდან გამომდინარე, ლიდერებმა გადაწყვიტეს, რომ აქციას მხოლოდ თავად გამართავენ. 

    კომენტარები