არჩევნები 2020

პარტია დაფინანსებას ვეღარ მიიღებს, თუ საპარლამენტო მანდატების ნახევარს მაინც არ აითვისებს

ტაბულა

პარლამენტის ბიუროს სხდომაზე მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონში შესატანი ცვლილება დაინიცირდა. საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხას მიიღებს მხოლოდ ის პარტია, რომელიც მისთვის განკუთვნილ პარლამენტის წევრის მანდატს ან მანდატების ნახევარს მაინც აითვისებს.

კანონპროექტში ასევე აღნიშნულია, რომ პარტია მომავალი წლის საბიუჯეტო დაფინანსებას ვერ მიიღებს, თუ მისი წარდგენით არჩეულ პარლამენტის წევრთა ნახევარი მაინც არასაპატიო მიზეზით გააცდენს მიმდინარე მოწვევის პარლამენტის წინა წლის ყველა პლენარულ სხდომას.

ანალოგიური პრინციპი გავრცელდება იმ პარტიებზეც, რომელებიც პოლიტიკური ბლოკის ნაწილები არიან. 

ინიციატორები განმარტავენ, რომ კანონპროექტით განსაზღვრული დათქმა პოლიტიკური პარტიებისთვის საბიუჯეტო დაფინანსების შეწყვეტის შესახებ დაკავშირებულია კანონპროექტით წარმოდგენილი ნორმების ამოქმედების შემდეგ (კერძოდ, არაუადრეს პარლამენტის 2021 წლის საგაზაფხულო სესიის დაწყებიდან) წარმოშობილ შესაბამის სამართლებრივ ურთიერთობებთან.

ქართული ოცნების უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ პარტიების დაფინანსების შესახებ კანონპროექტზე 17 დეკემბერს ისაუბრა. ირაკლი კობახიძემ "საპარლამენტო საბოტაჟის წინააღმდეგ მიმართული" უწოდა. მისივე განმარტებით, გარდა დაფინანსების შეწყვეტისა, პარტიები ადგილობრივი თვითმმართველობისა და მომდევნო საპარლამენტო არჩევნებისთვის უფასო საეთერო დროით ვეღარ ისარგებლებდნენ.  

ამ დროისთვის ოპოზიციის 60 დეპუტატიდან 55-მა უკვე ოფიციალურად თქვა მანდატზე უარი. განცხადება არ დაუწერიათ, თუმცა არც პარლამენტში შესულან გირჩი, ალეკო ელისაშვილის მოქალაქეები.

საბიუჯეტო დაფინანსების მიღებისთვის 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე 14 ზღვარგადალახული პოლიტიკური პარტიიდან ცენტრალურ საარჩევნო კომისიას 12-მა მიმართა. პარტიებისთვის გამოყოფილი დაფინანსება სრულად შეგიძლიათ, იხილოთ აქ.

კომენტარები