არჩევნები 2020

"დარტყმა დემოკრატიაზე" – რას ამბობდა სუბარი 2008 წელს საბიუჯეტო დაფინანსების შეწყვეტაზე

ქართული ოცნება

2008 წლის მაისში ჩატარებული ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების შედეგები ექვსმა ოპოზიციურმა პარტიამ არალეგიტიმურად ცნო და მიღებულ მანდატებზე უარი თქვა. იმ დროს მმართველი გუნდის, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ინიციატივით, პარლამენტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, იმ ოპოზიციურ პარტიებს, რომლებმაც მანდატებზე უარი თქვეს, სახელმწიფო დაფინანსება შეუწყდათ. 

პარლამენტმა ეს გადაწყვეტილება, ოპოზიციის წინააღმდეგობის მიუხედავად, 2008 წლის 5 ივლისს მიიღო. მაშინ სახალხო დამცველი და დღეს მმართველი გუნდის, ქართული ოცნების დეპუტატი, სოზარ სუბარი ხელისუფლების ამ გადაწყვეტილებას აკრიტიკებდა და ამაბობდა, რომ ეს იყო "პირდაპირი დარტყმა დემოკარტიის განვითარებასა და პლურალიზმზე". მეტიც, სოზარ სუბარმა წერილით მიმართა იმ დროს პარლამენტის დავმჯდომარეს, დავით ბაქრაძეს. 

"პოლიტიკური სპექტრის წარმომადგენლებს, მათ შორის, საპარლამენტო არჩევნების შედეგად არჩეულ პოლიტიკოსებს სრული უფლება აქვთ, პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობა თავიანთი შეხედულებისამებრ და იმ ფორმით მიიღონ, როგორითაც ისინი მიიჩნევენ საჭიროდ, შესაბამისად, სახელმწიფოს არა აქვს უფლება, განსაზღვროს მათი საქმიანობის სახე და დააწესოს სანქცია იმ შემთხვევებისათვის, როდესაც პოლიტიკური გაერთიანების საქმიანობა არ პასუხობს განსაზღვრულ მოთხოვნებს". – ამბობდა მაშინ სოზარ სუბარი. 

სახელმწიფო დაფინანსების იმ დროს არსებული სისტემა საქართველომ 2007 წელს საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით მიიღო, რისი მთავარი მიზანი ის იყო, რომ ოპოზიციური პარტიები დაფინანსების გარეშე არ დარჩენილიყვნენ, ვინაიდან ბიზნესსექტორის წარმომადგენლები ხშირად, წნეხის შედეგად, ერიდებიან მათ დაფინანსებას. სწორედ საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით, 2008 წლის დეკემბერში პარლამენტმა დაფინანსება აღუდგინა იმ 6 პარტიას, რომლებმაც უარი თქვეს საპარლამენტო მანდატებზე. ეს პარტიები იყო: საქართველოს გზა; ხალხის პარტია; მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის; ეროვნული ფორუმი; ახალი მემარჯვენეები და პოლიტიკური მოძრაობა თავისუფლება. 

17 დეკემბერს ქართული ოცნების უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ გაახმოვანა მმართველი გუნდის ინიციატივა, რომლის მიხედვითაც, იმ ოპოზიციურ პარტიებს, რომლებიც საპარლამენტო მანდატებზე უარს იტყვიან, სახელმწიფო დაფინანსება შეუწყდებათ. სოზარ სუბარს, რომელიც წარსულში, როგორც სახალხო დამცველი, მკვეთრად ეწინააღმდეგებოდა მაშინდელი ხელისუფლების ასეთივე გადაწყვეტილებას, საკითხთან დაკავშირებით ამჯერად პოზიცია საერთოდ არ გამოუხატავს.

კომენტარები