არჩევნები 2020

ჯაფარიძე გირჩზე: ალბათ, შეთანხმების იმედს იტოვებენ, რისიც მე არ მჯერა

ტაბულა

გირჩის სიის პირველი ნომერი, ზურაბ ჯაფარიძე ამბობს, რომ, რამდენადაც მისთვის ცნობილი იყო, პარტიის თავმჯდომარე, იაგო ხვიჩია, სხვა პარტიების მსგავსად, აპირებდა ცესკოსთვის მიმართვას, რათა სიები გაუქმებულიყო . 

ამის შესახებ ზურაბ ჯაფარიძე ტაბულას ესაუბრა. ტაბულამ გირჩის ლიდერს ჰკითხა, იზიარებს თუ არა იმ განცხადებას, რომელიც გირჩის Facebook-გვერდზე გამოქვეყნდა და რომლის მიხედვითაც პარტია იქამდე არ იტყვის მანდატებზე უარს, ვიდრე მოლაპარაკებები ხელისუფლებასთან ფასილიტატორების მონაწილეობით არ დასრულდება. 

"მე ვიცოდი, რომ ჩახსნას აპირებდნენ სიისას, როგორც სხვა პარტიები, მაგრამ ტექსტი რაც წავიკითხე, არსებითად არაფერი იცვლება. როგორც ჩანს, რაღაც იმედს იტოვებენ, რომ მოლაპარაკებების მაგიდაზე შედგება ისეთი შეთანხმება, რომ ნაციონალური მოძრაობიდან რაღაც ნაწილი გადაიფიქრებს და შევა პარლამენტში და იქ მოგროვდება 113 ადამიანი, რისიც მე არ მჯერა". – ამბობს ზურაბ ჯაფარიძე. 

კითხვაზე, თავად ინდივიდუალურად თუ აპირებს, რომ პარლამენტს მანდატის შეწყვეტის მოთხოვნით მიმართოს, ზურაბ ჯაფარიძე გვპასუხობს:

"მე ვაპირებდი, რომ თუკი დღეს გააგზავნიდნენ მოთხოვნას სიის გაუქმების შესახებ, სამი დღის ვადაში მივმართავდი პარლამენტს მანდატის მოსახსნელად, მაგრამ ახლა ვნახოთ, შეიძლება აღარ დაველოდო". 

ზურაბ ჯაფარიძემ გასულ კვირას დაწერა, რომ, ერთი მხრივ, მისი, ხოლო მეორე მხრივ, იაგო ხვიჩიას, ვახო მეგრელიშვილისა და სანდრო რაქვიაშვილის თანამშრომლობა დასრულდა, რის შემდეგაც დღის წესრიგში დადგა პარტიის გაყოფა. ზურაბ ჯაფარიძე, თავის მხრივ, სამეულს მიმართავდა წინადადებით, რომ მისთვის დაეთმოთ პარტიის სახელი და Facebook-გვერდი, ხოლო ყველა სხვა რესურსი თავად დაეტოვებინათ, რასაც ისინი არ დათანხმდნენ. ამ დროისთვის პარტიის ლიდერები სხვადასხვა ოფისში არიან განაწილებულები და ერთმანეთთან კომუნიკაცია არ აქვთ. 

11 დეკემბერს საქართველოს ისტორიაში პირველად ერთპარტიული პარლამენტი შეიკრიბა. ქართული ოცნების გარდა, მე-10 მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომას არცერთი პარტია არ დაესწრო. 

კომენტარები