არჩევნები 2020

კანდელაკი: მანდატებზე უარის ართქმა იურიდიულად პარლამენტში შესვლის ტოლფასია

ევროპული საქართველოს წევრის, გიორგი კანდელაკი თქმით, მოლაპარაკებებში ოპოზიციის მთავარი იარაღი ერთიანობაა და მანდატების დათმობით იქმნება რეალობა, რის შედეგადაც ქართულ ოცნებაზე წნეხი გაიზრდება, მანდატებზე უარის ართქმა კი იურიდიულად პარლამენტში შესვლის ტოლფასია. 

"რა შუაშია მანდატების დათმობა არდათმობა მოლაპარაკებების გაგრძელებასთან? ვინც მანდატს დათმობს მოლაპარაკებს ვერ გააგრძელებს? რა სისულელეა! ამ მოლაპარაკებებში და საერთაშორისო ფრონტზე ოპოზიციის მთავარი და მძლავრი ბერკეტი ერთიანობაა. სწორედ მანდატების დათმობა ქმნის იმ ახალ რეალობას, რის გამოც წნეხი ქართულ ოცნებაზე გაასკეცდება და რის გამოც საქართველოს საკითხებში მეტი პოლიტიკური ფიგურა ჩაერთვება ცივილიზებული სამყაროდან და შედეგიც სწორედ ამ გზით დადგება და არა პირიქით.

მანდატებზე უარის ართქმა იურიდიულად პარლამენტში შესვლის ტოლფასია და მოლაპარაკებებში მთლიანად ოპოზიციის პოზიციებს ასუსტებს. ეს ორჯერ ორი ოთხია და ვინც სხვაგვარად ამბობს, უბრალოდ იტყუება". - წერს კანდელაკი საკუთარ Facebook-გვერდზე.

საერთო მემორანდუმის გაფორმების შემდეგ იმ ოპოზიციური პარტიების დიდმა ნაწილმა, რომლებმაც საპარლამენტო მანდატები მიიღეს, უკვე ოფიციალურად დაიწყეს სიის გაუქმებასა და მანდატების შეწყვეტაზე მუშაობა. 

პროცედურულად პარტიები ჯერ ცესკოს მიმართავენ, რათა პარტიული სია გააუქმონ, შემდეგ კი პარლამენტს ინდივიდუალურად მიმართავენ ის დეპუტატები, რომლებმაც უკვე მიიღეს მანდატები და უარს იტყვიან მათზე. დღეს ცესკოში განცხადებას შეიტანენ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-ძალა ერთობაშია, ევროპული საქართველო, ლელო, სტრატეგია აღმაშენებელი და ლეიბორისტული პარტია. 

პარტია გირჩის განცხადების თანახმად, თუ მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა, მანდატებზე უარს იტყვიან.

რაც შეეხება ალეკო ელისაშვილის მოქალაქეების ორ მანდატს, ამ ეტაპზე ისიც თავს იკავებს განცხადების დაწერისგან და ხელისუფლებასთან მოლაპარაკებების შედეგად კონსენსუსის მიღწევის იმედს იტოვებს.

მოლაპარაკებების დასრულებამდე მანდატებზე უარს არ იტყვის არც რესპუბლიკური პარტია, რომელთაც ენმ-ძალა ერთობაშიას ბლოკის ფარგლებში ორი მანდატი მიიღეს. 

11 დეკემბერს საქართველოს ისტორიაში პირველად ერთპარტიული პარლამენტი შეიკრიბა. ქართული ოცნების გარდა მე-10 მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომას არცერთი პარტია არ დაესწრო. 

რომელი პარტიები არ შედიან პარლამენტში ამ დროისთვის ნახეთ აქ.

კომენტარები