არჩევნები 2020

ლომჯარია ენმ-ს შესაძლო გაუქმებაზე: მზად ვართ, გამოვიყენოთ სამართლებრივი ბერკეტები

სახალხო დამცველის აპარატი

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც მე-10 მოწვევის პარლამენტში ქართული ოცნება დააინიცირებს კანონპროეტს და საარჩევნო რეგისტრაცია გაუუქმდება იმ პოლიტიკურ პარტიას, რომლის ლიდერიც კონსტიტუციურ საარჩევნო ცენზს არ აკმაყოფილებს. ომბუდსმენის თქმით, მსგავსი განცხადებები აზიანებს მოლაპარაკებების პროცესს და, თუ კანონპროექტი ინიცირებული იქნება, სახალხო დამცველის აპარატი მზად არის, სამართლებრივი ბერკეტები გამოიყენოს.

"ჩემი მოწოდება იქნებოდა მმართველი პარტიისთვის, რომ იყვნენ მაქსიმალურად კონსტრუქციული, მსგავსი ტიპის განცხადებები აზიანებს მოლაპარაკებების პროცესს და თუ ეს მიიღებს სამართლებრივ ხასიათს, მაგალითად, თუ მართლაც იქნება ინიცირებული კანონპროექტები, რომლებიც იქნება მიმართული ოპოზიციური გაერთიანების რეგისტრაციის გაუქმებისკენ და ასე შემდეგ, ჩვენ მზად ვართ, თუ დავინახეთ აქ კონსტიტუციის დარღვევა, წავიღოთ ეს საქმეები საკონსტიტუციო სასამართლოში და გამოვიყენოთ სხვა სამართლებრივი ბერკეტები". – თქვა ნინო ლომჯარიამ.

კანონპროექტის შესახებ ირაკლი კობახიძემ საქართველოს მესამე პრეზიდენტზე, მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას თქვა. კობახიძე ამბობს, რომ ექსპრეზიდენტი არ აკმაყოფილებს "ერთდროულად ორ საარჩევნო ცენზს" და ის ქვეყანას პრობლემებს უქმნის.

ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ, რომელსაც ქართული ოცნება რეგისტრაციის გაუქმებით ემუქრება, ცესკოს მიერ გამოცხადებული შედეგებით, ბოლო არჩევნებში ოფიციალურად 27.18% აიღო, რაც 523 127 მოქალაქის ხმაა. პარტიამ მე-10 მოწვევის პარლამენტში 36 მანდატი მოიპოვა.

კომენტარები