არჩევნები 2020

ვაშაძე პარლამენტში შესვლაზე: დავწერთ ხვალ განცხადებას და ჩავხსნით ჩვენს სიებს

"დავწერთ ხვალ განცხადებას და ჩავხსნით ჩვენს სიებს" – ამის შესახებ სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ, პარტიის ოფისში გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე თქვა.

როგორც ვაშაძე განმარტავს, მანდატებზე უარის თქმის მიუხედავად, პარტია აგრძელებს მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდებში მონაწილეობის მიღებას. 

"გვქონდა დეტალური დისკუსია გუნდში და ერთობლივად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ჩვენ დავწერთ ხვალ განცხადებებს და ჩავხსნით ჩვენს სიებს. ვაგრძელებთ ბოიკოტს და, მეორე მხრივ, რა თქმა უნდა, ყველანაირად მოწადინებული ვართ, რომ შეთანხმება შედგეს, ვაპირებთ მოლაპარაკებებში მონაწილეობას და ვაპირებთ, მონაწილეობა მივიღოთ თავიდან ბოლომდე ამ პროცესში". – თქვა გიორგი ვაშაძემ.
 

11 დეკემბერს საქართველოს ისტორიაში პირველად პარლამენტი ერთპარტიულად შეიკრიბება. ის ოპოზიციური პარტიები, რომლებმაც საპარლამენტო მანდატების მოპოვება შეძლეს, 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ და პარლამენტს ბოიკოტს უცხადებენ.

ოპოზიცია ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას გადაყენებასა, ვადამდელი არჩევნების დანიშვნასა და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას მოითხოვს. ამ დრომდე ეს ოპოზიციის საერთო მოთხოვნებად განიხილებოდა, ფასილიტატორების მონაწილეობით, ხელისუფლებასთან გამართული მოლაპარაკებების ოთხი რაუნდის განმავლობაში, თუმცა, აღმოჩნდა, რომ ზოგიერთი ოპოზიციური წარმომადგენლისთვის პარლამენტში შესასვლელი მარჟა უფრო დაბალია და უბარიერო პროპორციულ არჩევნებზე გადის, რომელსაც ასევე ვერ მიიღებს პარლამენტი, თუკი იქ ოპოზიციის 23 დეპუტატი არ შევა.

კომენტარები