Facebook

Facebook-ს კონკურენტების განადგურების გამო უჩივიან და სურთ, კომპანია დაიყოს

მარკ ცუკერბერგი
AP

აშშ-ს ვაჭრობის ფედერალურმა კომისიამ და 46-მა შტატმა და ორმა ოლქმა Facebook-ის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა. ისინი კომპანიას სოციალური ქსელების ბაზარზე მცირე კონკურენტების განადგურებასა და ბაზარზე დომინაციის მომხმარებლების პირადი ინფორმაციის მოპოვებისათვის გამოყენებაში ადანაშაულებენ და სურთ, რომ კომპანია დაიშალოს და მას გამოეყოს Instagram-ი და WhatsApp-ი.

"სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ხელი შევუშალოთ კომპანიების მტაცებლურ დასაკუთრებას და აღვადგინოთ ბაზრისადმი ნდობა". - თქვა ნიუ-იორკის გენერალურმა პროკურორმა ლეტიცია ჯეიმსმა სარჩელის წარდგენისას.

ვაჭრობის ფედერალურ კომისიას მიაჩნია, რომ Facebook სისტემატურად იყენებს კონკურენტების შესყიდვის სტრატეგიას, რათა კონკურენცია გააქროს. მათ შორის საუბარია 2012 წელს კონკურენტი სოციალური ქსელის, Instagram-ის, ხოლო 2014 წელს WhatsApp-ის შეძენაზე. მაშინ Facebook-ის დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა მარკ ზაკერბერგმა თქვა, რომ ამ კომპანიების მართვა დამოუკიდებლად მოხდებოდა, თუმცა უკანასკნელ წლებში მათი Facebook-თან ინტეგრაცია აქტიურად მიმდინარეობს. მაგალითისათვის, მომხმარებლებს ახლა უკვე შეუძლიათ, ერთმანეთს დაუკავშირონ ამ სამ პლატფორმაზე მათი ანგარიშები, რაც კომპანიების დაყოფას სამომავლოდ გაართულებს.

ბოლო 15 წლის განმავლობაში Facebook-მა 70-მდე კომპანია შეიძინა.

"Facebook-მა გამოიყენა თავისი მონოპოლიური ძალა, რათა გაენადგურებინა კონკურენტები და გაექრო კონკურენცია მომხმარებლების ხარჯზე. მათ შეამცირეს არჩევანი მომხმარებლებისათვის. მათ შეაფერხეს ინოვაცია და შეარყიეს მილიონობით ამერიკელის პირადი ინფორმაციის დაცულობა". - თქვა ჯეიმსმა.

მისი თქმით, კომპანიის ამ პრაქტიკის ნაწილია პლატფორმის სხვა აპლიკაციის დეველოპერებისათვის გახსნა და შემდეგ იმ დეველოპერების დაბლოკვა, რომლებსაც საფრთხედ აღიქვამენ.

Facebook-ში კი ამბობენ, რომ სახელმწიფო ცდილობს, დასაჯოს წარმატებული ბიზნესი და აღნიშნავენ, რომ ვაჭრობის ფედერალურმა კომისიამ გასულ წელს მათ დაუდასტურა, რომ Instagram-ის და WhatsApp-ის შეძენა კანონიერი გზებით მოხდა.

"მთავრობას ახლა სურს, გადაწყვეტილება შეცვალოს, რაც გაფრთხილებაა ამერიკული ბიზნესებისათვის, რომ არცერთი შესყიდვა არ არის საბოლოო". - განაცხადეს კომპანიაში.

მსგავსი სარჩელი შეიტანა ოქტომბერში აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტმა Google-ის წინააღმდეგ, როდესაც კომპანია საძიებო სისტემებში დომინირების ბოროტად გამოყენებაში დაადანაშაულა.

ამასთანავე კონგრესი იძიებს Amazon-ის და Apple-ის საქმიანობას ბიზნესის კონკურენციის პრინციპების დარღვევით წარმართვის გამო.

2019 წელს ვაჭრობის ფედერალურმა კომისიამ Facebook პირადი ინფორმაციის შენახვის დარღვევისათვის 5 მილიარდი აშშ დოლარით დააჯარიმა და კომპანიას შეზღუდვები და ზედამხედველობა დაუწესა. ეს ყველაზე დიდი ჯარიმა იყო, რაც კი კომისიას ტექონოლოგიური კომპანიისათვის ოდესმე დაუწესებია.

აღსანიშნავია, რომ ვაჭრობის ფედერალური კომისია დამოუკიდებელი სარეგულაციო სააგენტოა, რომელიც ამჟამად 5 წევრისაგან შედგება. მათგან 3 რესპუბლიკური პარტიის წევრია, 2 კი - დემოკრატიული პარტიის.

Facebook-ის და სხვა ტექნოლოგიური გიგანტების დაშლას ემხრობა აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად გამოცხადებული ჯო ბაიდენიც. მას არაერთხელ უსაუბრია კონკრეტულად Facebook-ის დირექტორ მარკ ზაკერბერგზე და მისთვის "სერიოზული პრობლემა" უწოდებია.

კომენტარები