არჩევნები 2020

"ერთ მუშტად უნდა ვიყოთ", "დიდი ჯანჯღარი გველის" – რას ამბობდა ელისაშვილი ოპოზიციის აქციაზე

ალექსანდრე ელისაშვილი/Facebook.com

პარტია მოქალაქეების ლიდერი ალეკო ელისაშვილი მე-10 მოწვევის პარლამენტის გახსნამდე ორი დღით ადრე ოპოზიციის ნაწილს თავს დაესხა და განაცხადა, რომ თუ ხელში "გაწიკწიკებული საარჩევნო წესები" ექნება, პარლამენტში შევა. მისი მტკიცებით, "ბოკერიას პარტია" საბოტაჟით არის დაკავებული, რადგან "ვერ მოხვდნენ პარლამენტში".

თავად ალეკო ელისაშვილი ჯერ კიდევ 8 დეკემბერს "ბოდვებს" უწოდებდა მის პარლამენტში შესვლაზე გავრცელებულ ინფორმაციას და ამბობდა - "ვინც მე პარლამენტში შესვლას მაბრალებს, არის უბრალოდ ტუტუცი".

ის, როგორც სხვა ოპოზიციური პარტიები, 8 ნოემბრის აქციაზეც იმყოფებოდა, სადაც სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ პარტიული მხარდაჭერისა და პოლიტიკური პოზიციის მიუხედავად, "ერთ საქმეზე ვართ მოსულები". ალეკო ელისაშვილი მაშინ ამბობდა - "ჩვენ ვითხოვთ პატიოსან არჩევნებს". პარტია მოქალაქეების ლიდერი საზოგადოებას "ერთ მუშტად" გაერთიანებისკენ მოუწოდებდა და ამბობდა, რომ "უნდა გადავდოთ, აქ მდგომნი ვის ვინ გვეხატება გულზე და ვინ არა". მისივე თქმით, ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი არის პროცესების გააზრება.

"დავაკვირდეთ ჩვენს ისტორიას, როდის და სად ვმარცხდებოდით და რატომ არის, რომ ნიკოფსიიდან დარუბანდამდე აღარა ვართ, აგერ, შუაგულ ქართლშია ღობე შემოვლებული.

რატომ? იმიტომ, რომ ხშირად ერთმანეთის ქიშპი გვერჩივნა ქართველებს, არაგვის ერისთავებს ერჩივნათ, სპარსეთის ჯართან ერთად ქსნის საერისთავოში ელაშქრათ, იმიტომ, რომ ვერ იტანდნენ ერთმანეთს, მერე ქსნის საერისთავო დაუძახებდა სპარსულ ჯარს, ილაშქრებდა, ანანურს გადაწვავდა და ვერ ხვდებოდნენ, რას უშვებოდნენ საქართველოს.

რატომ ვთქვი ახლა ეს, ეს დღეები გაისმის, იმასთან ნუ დადგები, ამასთან ნუ დადგები, ამას ნუ იზამ, იმას ხელი არ ჩამოართვა, იმას არ მიესალმო.

დიდი საფრთხის წინაშეა საქართველო და ამ საფრთხეში მომავალს გვართმევენ. ამ საფრთხეში უნდა გადავდოთ, აქ მდგომნი ვის ვინ გვეხატება გულზე და ვინ არა, ვინ ვის გამარჯობას ვეუბნებით, ვინ ვის - არა, ვინ რამდენი პროცენტი აიღო და ვინ რამდენით ნაკლები. საქართველო არის საფრთხეში, ერთხელ და სამუდამოდ ერთ მუშტად უნდა შევიკრათ და ვაჩვენოთ მტერს, მოყვარეს, რომ ჩვენ თავისუფლებას არ დავთმობთ.

ჩვენი ბრძოლა არის სამართლიანი, ჩვენ ვითხოვთ პატიოსან არჩევნებს, დიდი ბრძოლა გველის, დიდი ჯანჯღარი გველის, დიდი დაძაბულობა გველის, დიდი ჯანჯღარი გველის, მაგრამ მზად უნდა ვიყოთ, მგონი, მზადა ვართ, ხომ ასეა?" - მიმართა მან აქციის მონაწილეებს, დადებითი შეძახილების შემდეგ კი დასძინა - "ვითხოვთ ძალიან მარტივ რამეს, პატიოსან არჩევნებს, აუცილებლად გავიმარჯვებთ, როცა ერთ მუშტად ვიქნებით შეკრულები. დიდი ბრძოლა გველის წინ, უკან არ დავიხევთ".

კომენტარები