არჩევნები 2020

ოპოზიციიდან 23 დეპუტატის შესვლის გარეშე 0%-იანი პროპორციული სისტემის მიღებას ხმები არ ეყოფა

გირჩის თავმჯდომარე, იაგო ხვიჩია ამბობს, რომ თუკი ხელისუფლება მას დაჰპირდება "ხვალიდანვე უბარიერო პროპორციული არჩევნების" მიღებას, ეს არამხოლოდ იმისთვის იქნება საკმარისი, რომ პარლამენტში შევიდეს, არამედ იმისთვის, რომ სხვებსაც მოუწოდოს იმავესკენ. 

როგორც იაგო ხვიჩიამ TV პირველის ეთერში თქვა, სრულად პროპორციული არჩევნები, ბუნებრივი ბარიერით, როგორც საპარლამენტო, ისე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის, ამ დროისთვის, მოლაპარაკებების მაგიდაზე ამ ფორმით არ დევს, თუმცა, ხედავს მისი გაჩენის პერსპექტივას. იაგო ხვიჩიამ ისიც თქვა, რომ მისთვის პროპორციული არჩევნები, ბუნებრივი ბარიერით, უფრო პრიორიტეტულია, ვიდრე "ერთჯერადად ჩატარებული ვადამდელი არჩევნები".

იმავეს ამბობს მოქალაქეების ლიდერი, ალეკო ელისაშვილიც. მისი თქმით, თუ ხელში "გაწიკწიკებული საარჩევნო წესები" ექნება, პარლამენტში შევა. 

მიუხედავად იმისა, რომ თავად იაგო ხვიჩიას თქმითვე, ქართული ოცნებისგან ჯერ სრულყოფილი წინადადება არ მიუღია, მან უკვე დაიწყო სხვა ოპოზიციური კოლეგებისთვის მოწოდება, მასთან ერთად შევიდნენ პარლამენტში, თუმცა, გადაჭრით არ უთქვამს, სხვების გარეშე შევა თუ არა. 

პროპორციული საარჩევნო სისტემა, ბუნებრივი ბარიერით, საარჩევნო კოდექსს ცდება და ის საკონსტიტუციო ცვლილებებს საჭიროებს. საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის კი პარლამენტს 113 ხმა სჭირდება.

ქართულ ოცნებას 90 დეპუტატი ჰყავს, შესაბამისად, დამატებით 23 დეპუტატია საჭირო, რომელიც ცვლილებას მხარს დაუჭერს.

იმ შემთხვევაშიც კი, თუკი გირჩი და მოქალაქეები პარლამენტში შევლენ (რაც ჯამში 6 მანდატია), საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება, უბრალოდ, შეუძლებელია. 

მათ გარდა, ერთიან ნაციონალურ მოძრაობას 36 მანდატი აქვს, ევროპულ საქართველოს – 5, ლელოს, სტრატეგია აღმაშენებელსა და პუტინისტურ პატრიოტთა ალიანსს 4-4, შალვა ნათელაშვილს კი ერთი მანდატი აქვს. 

ჯერჯერობით არცერთი ამ პარტიის წარმომადგენელს არ უთქვამს, რომ ვადამდელი არჩევნების პირობის გარეშე ბოიკოტის რეჟიმს დაარღვევენ და პარლამენტში შევლენ. 

კომენტარები