არჩევნები 2020

სამადაშვილი: კობახიძის დღევანდელი განცხადებით ქართულმა ოცნებამ მოლაპარაკებები ჩაშალა

ტაბულა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის, სალომე სამადაშვილის თქმით, ქართულმა ოცნებამ პარტიის აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის დღევანდელი განცხადებით მოლაპარაკებები ჩაშალა.

"11 დეკემბერს, დემოკრატიული საქართველოს ისტორიაში პირველად, ერთპარტიული პარლამენტის პირველი სხდომა შეიკრიბება". – წერს სალომე სამადაშვილი.

ირაკლი კობახიძემ დღეს "ოცნების" ცენტრალურ ოფისში საგანგებო ბრიფინგზე თქვა, რომ მე-10 მოწვევის პარლამენტში ქართული ოცნება დააინიცირებს კანონპროექტს, რომლის საფუძველზეც საარჩევნო რეგისტრაცია გაუუქმდება იმ პოლიტიკურ პარტიას, რომლის ლიდერიც კონსტიტუციურ საარჩევნო ცენზს არ აკმაყოფილებს. ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ საქართველოს მესამე პრეზიდენტზე, მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას თქვა. კობახიძე ამბობს, რომ ექსპრეზიდენტი არ აკმაყოფილებს "ერთდროულად ორ საარჩევნო ცენზს" და ის ქვეყანას პრობლემებს უქმნის.

ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ, რომელსაც ქართული ოცნება რეგისტრაციის გაუქმებით ემუქრება, ბოლო არჩევნებში ოფიციალურად 27.8% აიღო, რაც 523 127 მოქალაქის ხმაა.

ამავე ბრიფინგზე პარლამენტის თავმჯდომარემ თქვა, რომ ის პარტიები, რომლებიც პარლამენტში შესვლაზე უარს განაცხადებენ, სახელმწიფო დაფინანსებას ვერ მიიღებენ.

მისივე თქმით, საპარლამენტო მანდატებს ვერ მიიღებენ ის დეპუტატები, რომლებიც არ ან ვერ შეეწინააღმდეგებიან ოპოზიციური პარტიების ლიდერების "ამბოხის სცენარს".

ქართულ ოცნებასა და ოპოზიციას შორის, საერთაშორისო პარტნიორების მონაწილეობით, მოლაპარაკებები ოთხი რაუნდი უკვე გაიმართა. დღეს ან ხვალ კი მოლაპარაკებების ბოლო რაუნდია დაგეგმილი.

წინა მოლაპარაკებების დეტალები ამ დრომდე უცნობია საზოგადოებისთვის. სხვადასხვა ოპოზიციური ლიდერის მიერ ფრაგმენტულად გაკეთებული განცხადებების მიხედვით, ხელისუფლება კვლავ სრულად პროპორციული, 0%-იანი ბარიერის ინიციატივით გამოდის, რაც ერთხელ უკვე არ შეასრულა.
______________________________________________________________________________________

2020 წლის 31 ოქტომბერს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნების შედეგების გამოქვეყნებას ოპოზიცური პარტიებისა და ამომრჩევლების პროტესტი მოჰყვა. არჩევნების შედეგებს ყველა ოპოზიციურმა პარტიამ ბოიკოტი გამოუცხადა და არცერთი მათგანი საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტში არ შედის. ოპოზიციის საერთო მოთხოვნებია: თამარ ჟვანიას გადადგომა, რიგგარეშე, თავისუფალი არჩევნების ჩატარება და ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლება.

მეათე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა 11 დეკემბერს გაიმართება. თავდაპირველად ოპოზიცია ამ დღეს ფართომასშტაბიან აქციას გეგმავდა, თუმცა, მოგვიანებით ეპიდემიური ვითარებიდან გამომდინარე, ლიდერებმა გადაწყვიტეს, რომ აქციას მხოლოდ თავად გამართავენ.

კომენტარები