არჩევნები 2020

იოსელიანი: ნაციონალური მოძრაობა არის გიგა ბოკერიას მძევლობაში

ფორმულა

პარტია მოქალაქეების წევრი, ლევან იოსელიანი ამბობს, რომ ევროპულ საქართველოს ამერიკისა და ევროკავშირის ელჩების ჩართულობით ქართულ ოცნებასთან მიმდინარე მოლაპარაკებების ჩაშლა სურს და ამისთვის ყველაფერს აკეთებს. 

ამის შესახებ მან ტელეკომპანია ფორმულას ეთერში ისაუბრა და აღნიშნა, რომ "ყველა დოკუმენტი რაზეც იქ [მოლაპარაკებებზე] მიდის საუბარი, ტელევიზიაში როცა ხვდება, ხომ ყველამ ვიცით საიდან ხვდება? მაგით არიან დაკავებულები, რომ რაზეც იქ ვსაუბრობთ, მეორე წუთში მედიისთვის ხდება ხელმისაწვდომი".

"ეს ადამიანები მოლაპარაკებებზე ამბობენ, რომ დეტალებს არ გაახმაურებენ და აკეთებენ საპირისპიროს და ამას აკეთებენ იმისთვის, რომ პროცესი დააზიანონ მთლიანად. არ უნდათ ამ პროცესიდან გამოვიდეს რაიმე შედეგი". – ამბობს იოსელიანი და სხვა ოპოზიციურ პარტიებს მოუწოდებს, "ეყოთ გამბედაობა, ამოიღონ ამაზე ხმა და ნუ არიან ჩუმად". 

"სხვანაირად ეს ყველაფერი დამთავრდება იმით, რომ ერთი პარტია მძევლად აიყვანს მთელს ოპოზიციას. აქეთკენ მიდის ყველაფერი... ნაციონალური მოძრაობა არის გიგა ბოკერიას მძევლობაში. ამას მე კი არ ვამბობ, ამას თვითონ ამბობენ იმ პარტიაში, ვისაც აზრი მოეკითხება. ძალიან კარგად იცის ეს ხატია დეკანოიძემ და იმ პარტიაში არის ძალიან ბევრი ნათელი თავი, ვინც იცის, რა ხდება, ვისაც უნდა გამოსავალი იპოვოს, მაგრამ არ ყოფნის გამბედაობა და არ აქვს საშუალება ამაზე ილაპარაკოს". – თქვა ლევან იოსელიანმა. 

პარტია მოქალაქეების ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა Facebook მიმართვაში ევროპული საქართველო მოლაპარაკებების ჩაშლის მცდელობაში დაადანაშაულა. მისი თქმით, "ბოკერიას პარტიას მოლაპარაკებების ჩაშლა სურს, რადგან პარლამენტში ვერ მოხვდნენ".

მოქალაქეების ლიდერი, სავარაუდოდ, გიგა ბოკერიას 8 დეკემბერს გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება, სადაც თქვა, რომ ქართულ ოცნებასთან მორიგი შეხვედრის შემდეგ ის მოლაპარაკებებს დეტალებს გაასაჯაროებს. აქამდე ოპოზიციური ლიდერები მოლაპარაკებების დეტალებზე არ საუბრობდნენ და ამბობდნენ, რომ ეს ფასილიტატორების, საქართველოში ევროკავშირისა და აშშ-ს ელჩების მოთხოვნა იყო.

ამ დრომდე ქართულ ოცნებასა და ოპოზიციას შორის, საერთაშორისო პარტნიორების მონაწილეობით, მოლაპარაკებების ოთხი რაუნდი გაიმართა. მათ შორის კიდევ ერთი შეხვედრა დღეს, ან ხვალ, 10 დეკემბერს გაიმართება. 

წინა მოლაპარაკებების დეტალები ამ დრომდე უცნობია საზოგადოებისთვის. სხვადასხვა ოპოზიციური ლიდერის მიერ ფრაგმენტულად გაკეთებული განცხადებების მიხედვით, ხელისუფლება კვლავ სრულად პროპორციული, 0%-იანი ბარიერის ინიციატივით გამოდის, რაც ერთხელ უკვე არ შეასრულა.

2020 წლის 31 ოქტომბერს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნების შედეგების გამოქვეყნებას ოპოზიცური პარტიებისა და ამომრჩევლების პროტესტი მოჰყვა. არჩევნების შედეგებს ყველა ოპოზიციურმა პარტიამ ბოიკოტი გამოუცხადა და არცერთი მათგანი საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტში არ შედის. ოპოზიციის საერთო მოთხოვნებია: თამარ ჟვანიას გადადგომა, რიგგარეშე, თავისუფალი არჩევნების ჩატარება და ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლება.

მეათე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა 11 დეკემბერს გაიმართება. თავდაპირველად ოპოზიცია ამ დღეს ფართომასშტაბიან აქციას გეგმავდა, თუმცა, მოგვიანებით ეპიდემიური ვითარებიდან გამომდინარე, ლიდერებმა გადაწყვიტეს, რომ აქციას მხოლოდ თავად გამართავენ.

კომენტარები