არჩევნები 2020

ვაშაძე: ადრე თუ გვიან ქართულ ოცნებას მოუწევს ადეკვატური ნაბიჯების გადადგმა

სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერის, გიორგი ვაშაძის თქმით, ადრე თუ გვიან ქართულ ოცნებას ოპოზიციასთან ადეკვატური ნაბიჯების გადადგმა მოუწევს. ამის შესახებ ვაშაძემ რუსთავი 2-ის ეთერში ისაუბრა.

"მესმის, რომ გაჯიუტებულია ახლა და არაფრის დათმობა უნდა, ამბობს, რომ ვიქნები ჩემთვის მარტო [პარლამეტში] და არაფერსაც არ დავთმობ, მაგრამ ეს ასე ვერ იქნება. მე დარწმუნებული ვარ, რომ მოგვიწევს. როგორც გასულ წელს ჩვენ 8 მარტის შეთანხმებას მივაღწიეთ, იმედი მაქვს, რომ ასეთივე ტიპის შეთანხმებას მივაღწევთ, რომელშიც კონკრეტულად იქნება გაწერილი პუნქტები, რაზე შეთანხმდა ხელისუფლება და ოპოზიცია. რაც მთავარია, რაზეც შევთანხმდებით, ეს მისაღები უნდა იყოს ჩვენი მხარდამჭერებისთვის". – ამბობს გიორგი ვაშაძე.

21 ნოემბერს, საქართველოში ფორმალურად 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური ჩატარდა იმ 17 ოლქში, სადაც ვერცერთმა კანდიდატმა ბარიერის გადალახვა ვერ შეძლო. თუმცა ყველა ოპოზიციურმა პარტიამ, რომელთა კანდიდატებსაც მეორე ტურში უნდა მიეღოთ მონაწილეობა, არჩევნებს, ისევე, როგორც პარლამენტში შესვლას, ბოიკოტი გამოუცხადა.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, დათვლილია ხმების 100%. ფაქტობრივად ერთპარტიულ არჩევნებში 17-ვე ოლქში ქართული ოცნების კანდიდატმა გაიმარჯვა.

2020 წლის 31 ოქტომბერს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს შედეგების გამოქვეყნებას ოპოზიცური პარტიებისა და ამომრჩევლების პროტესტი მოჰყვა. არჩევნების შედეგებს ყველა ოპოზიციურმა პარტიამ ბოიკოტი გამოუცხადა და არცერთი მათგანი საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტში არ შედის. ოპოზიციის საერთო მოთხოვნები უცვლელია: თამარ ჟვანიას გადადგომა და საარჩევნო ადმინისტრაციის შეცვლა, რიგგარეშე, თავისუფალი არჩევნების ჩატარება და ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლება.

კომენტარები