NATO- საქართველო

სტოლტენბერგი: 2008 წელს ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილება კვლავ ძალაშია

NATO

1-2 დეკემბერს ნატოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების ვიდეოკონფერენცია გაიმართება. კონფერენციამდე ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა მთავარ განსახილველ თემებზე გააკეთა კომენტარი. მან ისაუბრა ნატოსა და საქართველოს სამომავლო თანამშრომლობაზეც:

"ნატო 2030-ის ერთ-ერთი მიზანი მოიცავს პარტნიორებთან თანამშრომლობის გაღრმავებას, მათ შორის საქართველოსთან. საქართველო ძალიან დაფასებული პარტნიორია და ნატოსა და საქართველოს შორის თანამშრომლობა ყველას უსაფრთხოებას აძლიერებს. მე მჯერა, რომ ეს პარტნიორობა კარგია არამხოლოდ საქართველოსთვის, არამედ ნატოსთვისაც. საქართველო მონაწილეობს ნატოს მისიებსა და ოპერაციებში, განსაკუთრებით ავღანეთში. ჩვენ საქართველოსთან ვმუშაობთ შავი ზღვის რეგიონის კონტექსტშიც, ვაწვდით როგორც პოლიტიკურ, ასევე პრაქტიკულ დახმარებას. ჩვენ გავზარდეთ მხარდაჭერა საზღვაო ძალების კუთხით, მათ შორის სასაზღვრო დაცვის წვრთნები, გავზარდეთ საჰაერო რადარების მონაცემების გაზიარება და ერთად ვმუშაობთ ჰიბრიდული საფრთხეები წინააღმდეგ. ტარდება ერთობლივი წვრთნები შავი ზღვის რეგიონში."

სტოლტენბერგმა კომენტარი გააკეთა ნატოში საქართველოს გაწევრიანების საკითხზეც:

"რაც შეეხება ნატოს წევრობას, არ დავიწყებ კონკრეტული თარიღებით სპეკულაციას, მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ 2008 წელს ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილება კვლავ ძალაშია. მჯერა, რომ საუკეთესო გზა საქართველოსთვის ნატოსთან დაახლოების კუთხით არის რეფორმების იმპლემენტაციის გაგრძელება, უსაფრთხოებისა და თავდაცვის ინსტიტუტების მოდერნიზაცია და ნატო და ნატოს მოკავშირეები გააგრძელებენ მხარდაჭერას. ახლა საქართველოში ნატოს უფრო მეტი ძალებია. მაგალითად, თბილისის მახლობლად ნატოს საწვრთნელ ბაზაზე."

ალიანსის გენერალური მდივნის თქმით, კონფერენციის ერთ-ერთი მთავარი თემა იქნება რუსეთის მზარდი სამხედრო ძალისა და შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების საკითხი.

"მინისტრები განიხილავენ ალიანსის გარშემო რუსეთის სამხედრო ძალის ზრდის საკითხს და იმას, თუ რა შეგვიძლია, გავაკეთოთ რუსეთის გაზრდილი სამხედრო აქტივობების საპასუხოდ, ამასთანავე შევინარჩუნოთ იარაღზე კონტროლის რეჟიმი - მათ შორის შეზღუდვები ბირთვულ ქობინებზე, ვინაიდან START-ის შეთანხმებას ვადა თებერვალში გასდის.

რუსეთი ცდილობს ბირთვული არსენალის მოდერნიზაციას და ახალ რაკეტებს ათავსებს. ის მეტ ძალებს გზავნის ჩვენს სამეზობლოში, დაწყებული სირიის ჩრდილოეთიდან და ლიბიიდან. ასევე, ვხედავთ რუსეთის ძალების ზრდას ბელარუსისა და მთანი ყარაბაღის კრიზისის შედეგად". – თქვა მან.

სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ ნატოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები ცალკე სესიას გამართავენ საქართველოსა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრებთან, რათა შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებისა და პარტნიორების მხარდაჭერის საკითხი განიხილონ.

"შავი ზღვის რეგიონი ნატოსა და მისი მოკავშირეებისათვის სტრატეგიული მნიშვნელობისაა. ნატოს სამი წევრი - თურქეთი, ბულგარეთი და რუმინეთი მის სანაპიროზეა. ჩვენ ვმუშაობთ ჩვენს ღირებულ პარტნიორებთან, საქართველოსთან და უკრაინასთან. ნატო ინარჩუნებს ძალებს შავი ზღვის რეგიონში და უფრო ახლოს იმუშავებს საქართველოსთან და უკრაინასთან. ვხედავთ, რომ რუსეთი აგრძელებს ამ ქვეყნების სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას, განსაკუთრებით ყირიმის უკანონო ანექსიით და საქართველოს ნაწილებში რუსი სამხედროების განთავსებით. ჩვენ განვიხილავთ ამ პრობლემასთან გამკლავების გზებს 2 დეკემბერს, როდესაც პარტნიორი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს შევხვდებით". - თქვა სტოლტენბერგმა.

კომენტარები