აბაშიძე-კარასინის ფორმატი

სირცხვილია საგარეოს: მიყეფებასავით განცხადების ნაცვლად, ჯობს, ქვეყნის ინტერესებს იცავდეთ

სირცხვილია/Facebook

მოძრაობა სირცხვილია პარლამენტთან მიმდინარე აქციისას აქტივისტების დაკავებასა და აბაშიძე-კარასინის ფორმატზე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმაურება.  

სირცხვილიას განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

"გუშინ, 27 ნოემბერს, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომ ე.წ. "აბაშიძე-კარასინის" ფორმატის შეხვედრაზე “დადასტურდა ორმხრივი განწყობა 2019 წლის ზაფხულში ქართველი ნაციონალისტების მიერ მოწყობილი ანტირუსული პროვოკაციის უარყოფითი შედეგების დასაძლევად”.

ამ განცხადების გასაპროტესტებლად, პარლამენტთან მდგარ დროებით რკინის ღობეზე სტენსილის გაკეთების მცდელობის გამო პოლიციელებმა დააკავეს ნათია ლეთოდიანი და შუშანა მაცაბერიძე. აღსანიშნავია, რომ ნათია ლეთოდიანზე პოლიცია ამბობს, რომ "აგრესიულად ასხამდა პულივიზატორს პოლიციელების ფეხსაცმელებს", არ გაგიკვირდებათ, თუ გეტყვით, რომ ნათია ლეთოდიანს პულვერიზატორი ხელშიც კი არ სჭერია.

გოგონების არაპორპორციული ძალის გამოყენებით დაკავების პარალელურად, პოლიციელებმა თათუშა არველაძეს რამდენჯერმე მოაყოლეს ხელი ფურგონის ტიპის პოლიციის მანქანის კარში, რის შედეგადაც, თათუშამ იღრძო ხელი და 2 კვირით მოუწევს თაბაშირის ტარება. სანამ პოლიციის მხრიდან არაადამიანურ მოპყრობაზე ვიჩივლებდით, შსს თავდაცვის პოზიციაში ჩადგა და დაზარალებულს თავად უჩივლა - არ მემორჩილებოდა და 173-ე მუხლით უნდა გასამართლდესო.

ამ ამბებიდან რამდენიმე საათში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს განცხადებას, სადაც აღნიშნავს, რომ “აბაშიძე-კარასინის” შეხვედრების ფორმატზე არ განხილულა მსგავსი საკითხი და რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც რუსეთის მხრიდან ადგილი აქვს მცდარი ინფორმაციის გავრცელებას.

დავიწყოთ იმით, რომ მათივე აღიარების მიუხედავად, რომ “ეს არ არის პირველი შემთხვევა”, ეს ე.წ. ფორმატი ისევ არსებობს და რუსეთი ამ და მსგავსი ფარსის გამოყენებით ცდილობს, საქართველოში პრორუსული განწყობების გაღვივებასა და იმ ილუზიის შექმნას, რომ საქართველოში პროცესებს აკონტროლებს. ვისურვებდით, რომ ამ ყველაფერში საქართველოს მთავრობა “სასარგებლო იდიოტი” მაინც ყოფილიყო, მაგრამ, სამწუხაროდ, გამიზნულად ბოროტია და არათუ ეხმარება რუსეთს, არამედ თავად აძლიერებს ქვეყანაში რუსულ გავლენებს.

ფეისბუქზე ძაღლის მიყეფებასავით განცხადებების კეთებას გირჩევნიათ, დღე-ღამეს ასწორებდეთ სართაშორისო დონეზე ჩვენი ქვეყნის ინტერესების დაცვისთვის და რუსეთთან ენის მოჩლექით საუბრის ნაცვლად - ჩვენს ნამდვილ მეზობლებსა და პარტნიორებს ატყობინებდეთ სიმართლეს.

თქვენ კი, საქართველოს “სასიქადულო” პოლიციელებო, როგორც ჩანს, დაგავიწყდათ, სინამდვილეში რას უნდა ემსახურებოდეთ. დაგავიწყდათ, რომ ბიძინა ივანიშვილის ბოსტნის კი არა - ამ ქვეყნის მოქალაქეების დაცვა გევალებათ. დაგავიწყდათ, რომ სახლში მისულები საგმირო საქმეებს უნდა მოუყვეთ თქვენს შვილებს - როგორ დაამარცხეთ კრიმინალი, დაიჭირეთ ბოროტი ადამიანები და დაეხმარეთ გაჭირვებაში მყოფებს. დღეს რა გქონდათ მოსაყოლი? ამაყობთ, რომ ორი უდანაშაულო გოგო დააკავეთ რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლისთვის და 22 წლის თათუშას ხელი მოაგლიჯეთ? თუ თქვენივე მოქალაქეების ენთუზიაზმით დევნისთვის თვის ბოლოს ჩარიცხული პრემიები გაჩუმებთ? თქვენი ზემდგომები მეტს იღებენ, გოგა მემანიშვილისა და ვაჟა სირაძის მსგავსი მონები, რომლებიც ქვეყანაში კრიმინალს აზეიმებენ, აქტივისტებს კი შეშისა და სტენსილების გამო დევნიან.

უკვე დიდი ხანია, რაც პოლიცილების ქმედებები პოლიციელობის იდეას ასცდა და ამ ასინქრონმა თქვენ მიმართ ნდობა გააქრო. რაც უფრო მეტ უკანონო ბრძანებას შეასრულებთ, მით უფრო მეტი ზიზღი, უნდობლობა და ბრაზი დაგხვდებათ იმ ადამიანების სახეებზე, რომლებისთვისაც მანამდე გმირები იყავით. პირად საუბრებში თავის ჩაქინდვრა და ირიბი თანხმობები საკმარისი არ არის, როდესაც მერე სასამართლოზე მოდიხართ და ვიღაცის ან რაღაცის შიშით ისევ ჩვენ წინააღმდეგ აძლევთ ჩვენებებს. როგორ უნდა იარსებოს ქვეყანამ, რომელშიც პოლიციელებს ეშინიათ?" - წერია მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

აბაშიძე-კარასინის ფორმატზე გავრცელებული განცხადების შემდეგ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთს მოუწოდა, "თავი შეიკავოს მცდარი ინფორმაციის გავრცელებისაგან". 

აბაშიძე-კარასინის შეხვედრის შემდეგ გავრცელებულ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში წერია, რომ "დადასტურდა ორმხრივი შემართება 2019 წლის ზაფხულის ცნობილი ანტირუსული პროვოკაციის უარყოფითი შედეგების გადალახვისათვის." თუმცა ზურაბ აბაშიძე ამბობს, რომ შეხვედრაზე 2019 წლის მოვლენები ნახსენები არ ყოფილა და "ეს გახლავთ რუსეთის მხარის ინტერპრეტაცია".

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ასევე აღნიშნეს შემდეგი:

"იმედი გვაქვს, რომ წინასაარჩევნო კამპანიის დროს რადიკალური წრეების მიერ აქტიურად გაჟღერებული რუსოფობიური რიტორიკა წარსულს ჩაბარდება, ხოლო საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული პოლიტიკური ძალები ამომრჩევლებისგან მიღებულ ნდობის მანდატს ორმხრივი ურთიერთოებების ნორმალიზაციის პროცესის გასაგრძელებლად გამოიყენებენ". 

დღეს, 28 ნოემბერს, საგარეო საქმეთა სამინისტროსთან და პარლამენტთან ევროპული საქართველოს წევრმა, ელენე ხოშტარიამ, ენმ-ძალა ერთობაშიას წევრმა, ხატია დეკანოიძემ და აქტივისტებმა საპროტესტო აქცია გამართეს. მათ შენობებთან ნამგალი და ურო დახატეს. ელენე ხოშტარის თქმით, აბაშიძემ, კარასინთან ერთან, პრაქტიკულად, დაგმო 20 ივნისის მოვლენები.

აქციაზე ორი ადამიანი დააკავეს. მათ სამართალდამცველის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავებოდნენ. მოგვიანებით, აქტივისტები გაათავისუფლეს. მათი დაკავების დროს ერთ-ერთ აქტივისტს, თათუშა არველაძეს პოლიციამ ხელი მოაყოლა - სირცხვილიას ინფორმაციით, მას ღია ჭრილობის გარდა, ხელი აქვს ნაღრძობი. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ არველაძეს ადმინისტრაციული კოდექსის 173-ე მუხლის დარღვევას - პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან.

კომენტარები