აბაშიძე-კარასინი

კარასინის თქმით, საქართველოს რეაქცია სანქციებზე რუსეთის მხრიდან "შეუმჩნეველი არ დარჩება"

24 მარტს, მოსკოვში გორჩაკოვის ფონდისა და პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრის ორგანიზებით, ქართულ-რუსული საექსპერტო შეხვედრა გაიმართა. ინფორმაციას გორაჩკოვის ფონდი ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრაში 40-მდე ექსპერტი, პოლიტოლოგი, მეცნიერი და ქართული დიასპორის წარმომადგენელი მონაწილეობდა, მათ შორის პრიმაკოვის ცენტრის ხელმძღვანელი, დიმიტრი ლორთქიფანიძე.

როგორც შეხვედრაზე რუსეთის ფედერალური საბჭოს საერთაშორისო ურთიერთობების საკითხების კომიტეტის თავმჯდომარემ, გრეგორი კარასინმა აღნიშნა, 2012 წლის შემდეგ ქვეყნებს შორის ურთიერთობის რეგულირების მიზნით მან რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერმინისტრის სპეციალური წარმომადგენელთან, ზურაბ აბაშიძესთან 26 შეხვედრა გამართა. მოლაპარაკებების შედეგად კი რუსეთი საქართველოსთვის მნიშვნელობით მეორე სავაჭრო პარტნიორად იქცა, მოიხსნა მანამდე არსებული ყველა სავაჭრო შეზღუდვა და რუსეთში საქართველოს საექსპორტო წილი 14-ჯერ გაიზარდა.

ამასთან, კარასინმა პარლამენტარებთან ერთად დასავლეთის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებზე საქართველოს რეაქციას "გაწონასწორებული" უწოდა და აღნიშნა, რომ ეს რუსეთის მხრიდან "შეუმჩნეველი არ დარჩება".

"პოსტ-საბჭოთა სივრცეს ტრადიციულ მეგობრებად განვიხილავთ, არსებული ურთიერთობები კი ხასიათდება როგორც ურთიერთგამოსადეგი. რუსეთი ყველაფრისადმი მშვიდად მიდგომას ირჩევს. სანქციების დამწესებელი რეჟიმები რუსულ მთავრობას "წვრთნიან". ის კი ვინც სამართლიანად გვექცევა და ღიად გველაპარაკება, ჩვენს მეგობრად რჩება. უკრაინაში სახელმწიფოებრიობა არ შედგა. ჩვენთვის მიუღებელია, რომ ეს ქვეყანა NATO-ს წევრი გახდეს". - თქვა კარასინმა.

გარდა ამისა, კარასინმა ჟენევის დისკუსიების მნიშვნელობასაც გაუსვა ხაზი და იმედი გამოთქვა, რომ შეხვედრები კვლავ განახლდება, როგორც ერთადერთი ფორმატი, სადაც მხარეები ერთმანეთს უშუალოდ ელაპარაკებიან. ამასთან, მისი თქმით, კონკრეტული შედეგების მისაღწევად, უკომპრომისო პოზიციებზე უარის თქმაა საჭირო.

კომენტარები