ეკონომიკა

დავითაშვილი: სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, პურის ფასი არ გაიზრდება

ლევან დავითაშვილი
საქართველოს მთავრობა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის თქმით, მომავალი კვირიდან, 4 თვის განმავლობაში, 31 მარტამდე მთავრობა პურის ფქვილის ფასს 10 მილიონით დაასუბსიდირებს. 

"პროგრამა ამოქმედდება მომავალი კვირიდან, შესაბამისად, მოსახლეობას მინდა სრული პასუხისმგებლობით განვუცხადო, რომ პურზე ფასი არ გაიზრდება. პროგრამა იმოქმედებს 4 თვის განმავლობაში, 31 მარტამდე, შემდეგ კი დავაკვირდებით, როგორი სიტუაცია იქნება საერთაშორისო ბაზარზე". - თქვა ლევან დავითაშვილმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე. 

დავითაშვილის თქმით, პირველი ხარისხის ფქვილის ფიქსირებული ფასი იქნება 53 ლარი, ეს იქნება პირობა წისქვილებისთვის, რომ ამ ფასზე მეტად ფქვილი არ გაყიდონ. 

"როგორც წესი, ვსაუბრობთ 50-კილოგრამიან ტომარაზე, ანუ 53 ლარზე. ამ შემთხვევაში სახელმწიფოს მხრიდან სუბსიდია იქნება არაუმეტეს 10 ლარისა, პროგრამაში ჩართული წისქვილები შემოგვთავაზებენ სხვადასხვა ფასს, გარკვეული კონკურენციაც იქნება, იმისთვის, რომ მაქსიმალურად ეფექტურად გამოვიყენოთ სახელმწიფო რესურსი დაგვიჯდეს უფრო ნაკლები თანხა. 

ეს იქნება მაქსიმუმ 10 ლარი 50-კილოგრამიან ტომარაზე, დაახლოებით ბიუჯეტი, ჩვენი შეფასებით, არის თვეში 2-2.5 მილიონი ლარი, რაც მთელი პროგრამის ბიუჯეტს, დაახლოებით, 10 მილიონი ლარით განსაზღვრავს". - ამბობს დავითაშვილი. 

გუშინ, 26 ნოემბერს, მთავრობამ ეკონომიკის სტიმულირების, ბიზნესისა და სოციალური დახმარების ახალი გეგმა წარმოადგინა, რომელმაც შეზღუდვებით გამოწვეული ეკონომიკური ზიანი უნდა შეამციროს. რას მოიცავს 1.1-მილიარდიანი ეკონომიკის სტიმულირების და სოციალური დახმარების პაკეტი შეგიძლიათ ნახოთ აქ.

კომენტარები