ისრაელი-ბაჰრეინი

ბენიამინ ნეთანიაჰუმ ბაჰრეინის მეფეს პრემიერის გარდაცვალება მიუსამძიმრა

ბენიამინ ნეთანიაჰუ
Reuters

ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ, ბაჰრეინის მეფეს, ჰამად ბინ ისა ალ ხალიფას, ყოფილი პრემიერმინისტრის, პრინც ხალიფა ბინ სალმან ალ ხალიფას გარდაცვალება მიუსამძიმრა.

ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს Reuters ბაჰრეინის სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით.

ხალიფა ბინ სალმან ალ ხალიფა პრემიერმინისტრობის თანამდებობას 1970 წლიდან იკავებდა. ის 11 ნოემბერს 84 წლის ასაკში ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემის გამო გარდაიცვალა. 

24 ნოემბერს ბენიამინ ნეთანიაჰუმ თქვა, რომ ბაჰრეინის ტახტის მემკვიდრის, სალმან ბინ ჰამად ალ ხალიფას მოწვევით მალე ის ბაჰრეინს ეწვევა.

არაბთა გაერთიანებული საამიროების შემდეგ ისრაელთან ურთიერთობების ნორმალიზების გადაწყვეტილება ბაჰრეინმაც მიიღო.

აღსანიშნავია, რომ გასულ ოთხშაბათს ისრაელს ბაჰრეინის დელეგაცია ეწვია.

შეგახსენებთ, რომ ისრაელის პრემიერმინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ საუდის არაბეთში შეხვდა სამეფო ტახტის მემკვიდრე მუჰამედ ბინ სალმანსა და აშშ-ს სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს. 24 ნოემბერს ინფორმაცია ისრაელის განათლების მინისტრმა იოავ გალანტმა Army Radio-სთან საუბრისას დაადასტურა. ინფორმაცია ნეთანიაჰუსა და საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრის შეხვედრის შესახებ, თავდაპირველად ისრაელის მედიაში გავრცელდა.

შეხვედრის შესახებ კომენტარი არ გაუკეთებია ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფისს. საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ფაისალ ბინ ფარჰანმა, შეხვედრის შესახებ ინფორმაცია უარყო.

ისრაელის მედიის წყაროების მიხედვით, შეხვედრა შედგა ქალაქ ნეომში და მას ისრაელის სადაზვერვო სააგენტო "მოსადის" ხელმძღვანელი, იოსი კოენიც ესწრებოდა.

გამოცემა Haaretz-ის მიხედვით, რადარმა დააფიქსირა თვითმფრინავი, რომლითაც ნეთანიაჰუ მოსკოვში ვიზიტების დროს მგზავრობდა. თვითმფრინავი საუდის არაბეთში 2 საათს გაჩერდა და შემდეგ ისრაელში დაბრუნდა.

აშშ-ს სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო, ოფიციალური ვიზიტების ფარგლებში, გასულ კვირას ისრაელს ეწვია, შემდეგ კი სპარსეთის ყურის ქვეყნებს, მათ შორის საუდის არაბეთს. მან დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ შემუშავებულ სამშვიდობო გეგმაზე ისაუბრა.

15 სექტემბერს ტრამპის ადმინისტრაციის ხელშეწყობით ისრაელთან ურთიერთობის ნორმალიზებას ბაჰრეინმა და არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა თეთრ სახლში მოაწერეს ხელი. მაშინ ტრამპმა თქვა, რომ ძალიან მალე ამავე გზას დაადგება კიდევ ხუთი ან ექვსი ქვეყანა, თუმცა ამ ქვეყნებიდან არცერთი არ დაუსახელებია. ისრაელსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის საჰაერო მიმოსვლა დაიწყო. აღსანიშნავია, რომ ამ ფრენებს საუდის არაბეთმა საკუთარი საჰაერო სივრცე გაუხსნა. 19 ოქტომბერს ისრაელმა და ბაჰრეინმა დიპლომატიური კავშირები ფორმალურად დაამყარეს. ბაჰრეინი არაბთა გაერთიანებული საამიროების, ეგვიპტისა და იორდანიის შემდეგ მეოთხე არაბული ქვეყანა გახდა, რომელმაც ისრაელის სახელმწიფო ცნო.

23 ოქტომბერს ისრაელი და სუდანი აშშ-ს დახმარებით შეთანხმდნენ, ურთიერთობების ნორმალიზებისთვის ნაბიჯები გადაედგათ.

გასულ კვირას ისრაელთან ურთიერთობების ნორმალიზებაზე ისაუბრა საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პრინცმა ფაისალ ბინ ფარჰან ალ საუდმა. მან თქვა, რომ ურთიერთობების ნორმალიზებას დიდ ხანია მხარს უჭერენ, თუმცა ამისათვის ჯერ ისრაელსა და პალესტინას შორის მუდმივ და ყოვლისმომცველ სამშვიდობო შეთანხმებას უნდა მიაღწიონ.

არაბთა გაერთიანებული საამიროებისა და ბაჰრეინის მიერ ისრაელთან ურთიერთობის ნორმალიზების ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, პალესტინამ პროტესტის ნიშნად, არაბული ლიგის საბჭოს თავმჯდომარის პოსტზე უარი თქვა.

კომენტარები