ისრაელი-ბაჰრეინი

ისრაელმა და ბაჰრეინმა ხელი მოაწერეს დიპლომატიური კავშირების დამყარების შეთანხმებას

Reuters

ისრაელმა და ბაჰრეინმა დიპლომატიური კავშირები ფორმალურად დაამყარეს. ბაჰრეინი არაბთა გაერთიანებული საამიროების, ეგვიპტისა და იორდანიის შემდეგ მეოთხე არაბული ქვეყანა გახდა, რომელმაც ისრაელის სახელმწიფო ცნო.

აშშ-ს შუამავლობით მიღწეულ შეთანხმებას ხელი ბაჰრეინის დედაქალაქ მანამაში მოაწერეს. შეთანხმების მიხედვით, ქვეყნებს შორის სრულფასოვანი დიპლომატიური ურთიერთობა დამყარდება, გაიხსნება საელჩოები.

ბაჰრეინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბდულლატიფ ბინ რაშიდ ალ-ზაიანის თქმით, მოელიან, რომ ისრაელთან თანამშრომლობას ყველა სფეროში შეძლებენ. მან ასევე ისაუბრა რეგიონში მშვიდობაზე და პალესტინის საკითხის გადაჭრაში ორი სახელმწიფოს გზაზე. თავად დოკუმენტში ისრაელი-პალესტინის კონფლიქტი ნახსენები არ არის.

ბაჰრეინში ისრაელის წარმომადგენლები საუდის არაბეთის საჰაერო სივრცის გავლით ჩაფრინდნენ, რაზეც სამეფოსგან სპეციალური ნებართვა მიიღეს. მათ თან ახლდათ აშშ-ს სახაზინო მდივანი სტივენ მნუჩინი. 20 ოქტომბერს ის დაესწრება ისრაელის დელეგაციის პირველ ვიზიტს არაბთა გაერთიანებულ საამიროებშიც.

ისრაელთან ურთიერთობის ნორმალიზებას ბაჰრეინმა და არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა ხელი 15 სექტემბერს თეთრ სახლში მოაწერეს.

დონალდ ტრამპმა თქვა, რომ ძალიან მალე ამავე გზას დაადგება კიდევ ხუთი ან ექვსი ქვეყანა. აშშ-ს პრეზიდენტს ამ ქვეყნებიდან არცერთი დაუსახელებია.

კომენტარები