ისრაელი-ბაჰრეინი

ნეთანიაჰუ: მალე ბაჰრეინს ვეწვევი

ბენიამინ ნეთანიაჰუ
Reuters

ისრაელის პრემიერმინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ, ამბობს, რომ ბაჰრეინის ტახტის მემკვიდრის, სალმან ბინ ჰამად ალ ხალიფას, მოწვევით მალე ის ბაჰრეინს ეწვევა

არაბთა გაერთიანებული საამიროების შემდეგ ისრაელთან ურთიერთობების ნორმალიზების გადაწყვეტილება ბაჰრეინმაც მიიღო. 

"ჩვენ ორივე აღფრთოვანებულნი ვართ, რომ ჩვენ ხალხსა და ქვეყნებს ასეთ მოკლე დროში მშვიდობის ხილი მოვუტანეთ. სწორედ ამიტომ, მან [ალ ხალიფამ] მე დამპატიჟა, რათა ბაჰრეინში ფორმალური ვიზიტით მალე ჩავიდე და მე ამას სიხარულით გავაკეთებ". – პრინცთან სატელეფონო საუბრის შესახებ თქვა ნეთანიაჰუმ.

აღსანიშნავია, რომ გასულ ოთხშაბათს ისრაელს ბაჰრეინის დელეგაცია ეწვია.

შეგახსენებთ, რომ ისრაელის პრემიერმინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ საუდის არაბეთში სამეფო ტახტის მემკვიდრე მუჰამედ ბინ სალმანსა და აშშ-ს სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს შეხვდა. 24 ნოემბერს ინფორმაცია ისრაელის განათლების მინისტრმა იოავ გალანტმა Army Radio-სთან საუბრისას დაადასტურა. ინფორმაცია ნეთანიაჰუსა და საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრის შეხვედრის შესახებ, თავდაპირველად, ისრაელის მედიაში გავრცელდა.

შეხვედრის შესახებ კომენტარი არ გაუკეთებია ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფისს. საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ფაისალ ბინ ფარჰანმა, შეხვედრის შესახებ ინფორმაცია უარყო.

ისრაელის მედიის წყაროების მიხედვით, შეხვედრა ქალაქ ნეომში შედგა და მას ისრაელის სადაზვერვო სააგენტო მოსადის ხელმძღვანელი, იოსი კოენიც ესწრებოდა.

გამოცემა Haaretz-ის მიხედვით, რადარმა დააფიქსირა თვითმფრინავი, რომლითაც ნეთანიაჰუ მოსკოვში ვიზიტების დროს მგზავრობდა. თვითმფრინავი საუდის არაბეთში 2 საათს გაჩერდა და შემდეგ ისრაელში დაბრუნდა.

აშშ-ს სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო, ოფიციალური ვიზიტების ფარგლებში, გასულ კვირას ისრაელს ეწვია, შემდეგ კი სპარსეთის ყურის ქვეყნებს, მათ შორის საუდის არაბეთს. მან დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ შემუშავებულ სამშვიდობო გეგმაზე ისაუბრა.

15 სექტემბერს ტრამპის ადმინისტრაციის ხელშეწყობით ისრაელთან ურთიერთობის ნორმალიზებას ბაჰრეინმა და არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა თეთრ სახლში მოაწერეს ხელი. მაშინ ტრამპმა თქვა, რომ ძალიან მალე ამავე გზას დაადგება კიდევ ხუთი ან ექვსი ქვეყანა, თუმცა ამ ქვეყნებიდან არცერთი დაუსახელებია. ისრაელსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის საჰაერო მიმოსვლა დაიწყო. აღსანიშნავია, რომ ამ ფრენებს საუდის არაბეთმა საკუთარი საჰაერო სივრცე გაუხსნა. 19 ოქტომბერს ისრაელმა და ბაჰრეინმა დიპლომატიური კავშირები ფორმალურად დაამყარეს. ბაჰრეინი არაბთა გაერთიანებული საამიროების, ეგვიპტისა და იორდანიის შემდეგ მეოთხე არაბული ქვეყანა გახდა, რომელმაც ისრაელის სახელმწიფო ცნო.

23 ოქტომბერს ისრაელი და სუდანი აშშ-ს დახმარებით შეთანხმდნენ, ურთიერთობების ნორმალიზებისთვის ნაბიჯები გადაედგათ.

გასულ კვირას ისრაელთან ურთიერთობების ნორმალიზებაზე ისაუბრა საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პრინცმა ფაისალ ბინ ფარჰან ალ საუდმა. მან თქვა, რომ ურთიერთობების ნორმალიზებას დიდ ხანია მხარს უჭერენ, თუმცა ამისათვის ჯერ ისრაელსა და პალესტინას შორის მუდმივ და ყოვლისმომცველ სამშვიდობო შეთანხმებას უნდა მიაღწიონ.

არაბთა გაერთიანებული საამიროებისა და ბაჰრეინის მიერ ისრაელთან ურთიერთობის ნორმალიზების ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, პროტესტის ნიშნად, პალესტინამ არაბული ლიგის საბჭოს თავმჯდომარის პოსტზე უარი თქვა.

კომენტარები