არჩევნები 2020

ბაქრაძე: ჩვენი შეთავაზება მოლაპარაკების მაგიდაზეა, ბურთი არის ქართული ოცნების მხარეს

"ჯერჯერობით, ერთადერთი შეთავაზება, რომელიც მაგიდაზეა, გახლავთ ისევ ოპოზიციის შეთავაზება გაზაფხულზე ვადამდელი არჩევნების ჩატარების შესახებ. ველოდებით ქართული ოცნების მხრიდან წინადადებებს, როგორ შეიძლება განიმუხტოს კრიზისი. ეს გვინდა ჩვენ, ეს უნდათ ჩვენს უცხოელ პარტნიორებს და ბურთი არის ქართული ოცნების მხარეს" - განაცხადა ევროპული საქართველოს ლიდერმა დავით ბაქრაძემ ევროკავშირის და ამერიკის ელჩებთან შეხვედრის შემდეგ.

დავით ბაქრაძის თქმით, ოპოზიცია მზად არის "აზრიანი წინადადების" განსახილველად, რომელიც გამოიყვანს ქვეყანას კრიზისიდან.

"და არა რაღაც იმდაგვარი, რომლითაც გვეტყვიან, რომ თურმე პარლამენტი ჩვენი სურვილის წინააღმდეგ უფლებამოსილებას არ შეგვიწყვეტს" - აღნიშნა მან.

ევროპული საქართველოს ლიდერის თქმით, ოპოზიცია, პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, ცდილობს, მოძებნოს გამოსავალი პოლიტიკური კრიზისიდან, რომელშიც ქვეყანა ხელისუფლებამ შეიყვანა.

"ასეთი გამოსავლის მოძებნას ცდილობენ ჩვენი უცხოელი პარტნიორებიც და დღეს დეტალურად ვისაუბრეთ იმაზე, რა შეიძლება, იყოს გამოსავალი.

ბურთი და პასუხისმგებლობა არის მთლიანად ქართული ოცნების მხარეს და ველოდებით, რომ საქართველოს ხელისუფლებაც გამოიჩენს პასუხისმგებლობას ამ ქვეყნის წინაშე და ისე, როგორც ოპოზიცია ფიქრობს, ისე როგორც ჩვენი პარტნიორები ფიქრობენ, ქართული ოცნებაც დაიწყებს ფიქრს გამოსავლის მოძებნაზე იმ კრიზისიდან, რომელშიც თავად შეუყვანა ქვეყანა. ველით აზრიან წინადადებას და იმედი გვაქვს, რომ ხელისუფლება ელემენტარულ პასუხისმგელობას გამოჩენს ამ ქვეყნის მომავლის წინაშე". - თქვა დავით ბაქრაძემ.

კომენტარები