"არ შევურიგდებით თავსმოხვეულ რეალობას და გამოვიყენებთ კონსტიტუციით მონიჭებულ ყველა კანონიერ საშუალებას, რათა საზოგადოებრივი ზეწოლით ხელისუფლება ვაიძულოთ, ჩაატაროს ხელახალი, სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები" - მოქალაქეები შეურიგებლობის მანიფესტით საქართველოს მთავრობას, ოპოზიციურ პარტიებს, ევროკავშირის წარმომადგენლობას საქართველოში და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მიმართავენ. ისინი მოუწოდებენ თითოეულ თანამოქალაქეს, "შემოუერთდეს ჩვენს სამართლიან ბრძოლას და დადგეს ისტორიის სწორ მხარეს". პეტიციის ავტორები მხარს უჭერენ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ძალისხმევას და მოუწოდებენ მათ, შეინარჩუნონ ერთობა. ასევე, მოქალაქეები მიმართავენ საერთაშორისო ორგანიზაციებსა და საქართველოს პარტნიორებს, დაიკავონ მკაფიო, ერთმნიშვნელოვანი პოზიცია საქართველოს დემოკრატიული განვითარების დასაცავად. შეურიგებლობის მანიფესტის ავტორები მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას, გაიაზროს მათ მიერ შექმნილი კრიზისის კრიტიკულობა.
"სახელმწიფოებრიობის აღდგენიდან 30 წლის თავზე საქართველო უმძიმესი რეალობის წინაშე დგას:
- უმუშევრობა, ეკონომიკური სიდუხჭირე და უკიდურესი სიღარიბე;
- კორუფცია, ნეპოტიზმი, კლანურობა;
- დასუსტებული სახელმწიფო, გაძლიერებული კრიმინალი;
- საქართველოს გეოპოლიტიკური როლის დაკნინება;
- ხელისუფლებას დამორჩილებული სასამართლო სისტემა;
- პარტიული ინტერესების მომსახურე სამართალდამცავი უწყებები;
- ადამიანის ფუნდამენტური უფლებების შელახვის ფაქტები;
- რუსულ პროპაგანდასთან და დეზინფორმაციასთან მარცხი.
ამ გამოწვევების ფონზე, საზოგადოებას ჰქონდა მოლოდინი, რომ 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები ამომრჩეველთა ნების თავისუფალი გამოხატვის ასპარეზი იქნებოდა, რომელიც საქართველოში არსებულ განწყობებს და პოლიტიკურ ძალთა გადანაწილებას ობიექტურად ასახავდა. ამით ჩვენ ერთპარტიული და ერთპიროვნული მმართველობის მანკიერ გამოცდილებას წარსულს ჩავაბარებდით, მრავალპარტიული პარლამენტი კი უზრუნველყოფდა, რომ თითოეული მოქალაქის ინტერესი პირწმინდად ყოფილიყო დაცული.
სამწუხაროდ, ეს ასე არ მოხდა და მმართველმა პოლიტიკურმა გუნდმა მოსახლეობას ხელიდან გამოგლიჯა არჩევანის ფუნდამენტური, კონსტიტუციური უფლება. ნათელია, რომ ქართული ოცნება ხელისუფლებაში დარჩენას განუსაზღვრელი ვადით აპირებს და ამისთვის უკან არაფერზე დაიხევს.
უკან დახევას არ ვაპირებთ არც ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები. ჩვენ არ შევურიგდებით თავსმოხვეულ რეალობას და გამოვიყენებთ კონსტიტუციით მონიჭებულ ყველა კანონიერ საშუალებას, რათა საზოგადოებრივი ზეწოლით ხელისუფლება ვაიძულოთ, ჩაატაროს ხელახალი, სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები. ძალას არ დავიშურებთ, რომ მივიდეთ თითოეულ მოქალაქესთან, რათა მივაწვდინოთ საპროტესტო ხმა და ამ პროცესის თანაზიარი გავხადოთ.
- მოვუწოდებთ თითოეულ თანამოქალაქეს, შემოუერთდეს ჩვენს სამართლიან ბრძოლას და დადგეს ისტორიის სწორ მხარეს. ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ ხელისუფლების წყარო ვართ ჩვენ - ხალხი და სწორედ ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ, როგორ სახელმწიფოში გვსურს ცხოვრება.
- მხარს ვუჭერთ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ძალისხმევას, მოვუწოდებთ მათ შეინარჩუნონ მტკიცე ერთობა და ყველა მშვიდობიანი და სამართლებრივი საშუალებით დაიცვან საქართველოს ამომრჩეველთა უმრავლესობის ნება.
- მოვუწოდებთ საერთაშორისო ორგანიზაციებსა და საქართველოს პარტნიორებს, დაიკავონ მკაფიო, ერთმნიშვნელოვანი პოზიცია საქართველოს დემოკრატიული განვითარების დასაცავად.
- მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, გაიაზროს მათ მიერ შექმნილი კრიზისის კრიტიკულობა. გაიაზროს ის, რომ ჩამოშლილ სახელმწიფოს ჩვენ ვერ და არ შევეგუებით". - ნათქვამია მანიფესტში.





