ახლო აღმოსავლეთი

აშშ ავღანეთსა და ერაყში განლაგებული სამხედროების რაოდენობას 2 500-ით ამცირებს

აშშ ავღანეთსა და ერაყში სამხედრო ბაზებზე განლაგებული სამხედროების რაოდენობას 2 500-ით ამცირებს. ამის შესახებ ახლადდანიშნულმა თავდაცვის მდივანმა კრისტოფერ მილერმა განაცხადა. 

მილერის ცნობით, შემცირება 2021 წლის 15 იანვრისთვის დასრულდება. ცნობისთვის, 21 იანვარს აშშ-ს ახალი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ინაუგურაცია უნდა გაიმართოს. მიუხედავად იმისა, რომ არჩევნების შედეგების დათვლა ოფიციალურად ჯერ არ დასრულებულა, მოსალოდნელია, რომ აშშ-ს 46-ე პრეზიდენტი სწორედ ჯო ბაიდენი გახდება. 

აშშ-ს თავდაცვის მინისტრის განცხადებით, სამხედროების რაოდენობის შემცირება არ ცვლის აშშ-ს მიზნებსა და პოლიტიკას ამ ქვეყნებისა და რეგიონის მიმართ. ამ დროისთვის ავღანეთში 4 500 ამერიკელი სამხედრო მსახურობს, ხოლო ერაყში - 3 000. 

მილერის თქმით, სამხედრო კონტიგენტის შემცირების გადაწყვეტილება შესაბამისობაშია დონალდ ტრამპის ერთ-ერთ მთავარ წინასაარჩევნო დაპირებასთან, რომლის მიხედვით, იგი მოქალაქეებს დაჰპირდა, რომ დაასრულებდა დაუსრულებელ ომებს შეერთებული შტატების ჩართულობით. 

აშშ-ს თავდაცვის ყოფილი მდივანი, მარკ ესპერი დონალდ ტრამპმა წინა კვირაში გადააყენა. ამერიკული მედიის ინფორმაციით, ესპერის გადაყენება სწორედ სამხედრო კონტიგენტის შემცირების საკითხს უკავშირდებოდა. მედიის ცნობით, ესპერი ეწინააღმდეგებოდა სამხედროების რაოდენობის შემცირებას, რადგანაც მიაჩნდა, რომ ადგილზე არ იყო ამისათვის შესაბამისი ვითარება. 

 

კომენტარები