არჩევნები 2020

ბოკერია: არ ვართ სააკაშვილის ჩამოსვლის წინააღმდეგი, გადაწყვიტოს, მიდის თუ არა ამ რისკზე

სააკაშვილის თემა ისევ გახდა ოპოზიციის შიგნით საჯარო დაპირისპირების საგანი. სამი სახის პრეტენზია მესმის ჩვენ მიმართ. სამივე ეს ბრალდება ფაქტობრივ სიცრუეს ეყრდნობა და/ან მცდარი ანალიზის და სისულელის ნაზავია.

1. "რა უფლებით ხართ წინააღმდეგი რომ სააკაშვილი დაბრუნდეს საქართველოში/რატომ არ უჭერთ ამას მხარს "

არანაირად არ ვართ მისი ჩამოსვლის წინააღმდეგი. თვითონ უნდა გადაწყვიტოს მიდის თუ არა ამ რისკზე, რადგან სანამ ივანიშვილი ხელისუფლებაშია, მას დიდი ალბათობით დააკავებენ. სააკაშვილი და მისი გარემოცვა ამ უსინდისო "ლეგენდებს" ადრეც ავრცელებდა. თითქოს 2016 წელს მე და ევროპული საქართველოს სხვა ლიდერებმა შევუშალეთ ხელი საქართველოში დაბრუნებულიყო, როცა თითქოს ის უკვე სარფთან იყო მოსული. ეს სიცრუესთან ერთად სრული სისულელეა. როგორ უნდა შეგვეშალა ხელი, თუ ის ამას მართლა გადაწყვეტდა.

რა წამსაც არ უნდა დააკავონ სააკაშვილი, ჩვენ მას პოლიტიკურ პატიმრად ჩავთვლით. ზუსტად ისევე, როგორც სხვა პოლიტიკური მოტივით დაკავებულებს, მიუხედავად იმისა, თუ რა აზრის ვართ მათ პოლიტიკურ მოღვაწეობაზე. დაპირისპირებას ის ქმნის, რომ სააკაშვილი და მისი გარემოცვა ამ თემით ჩვენ მოგვმართავს, გვამუნათებს. ჩვენ გვაკისრებს პასუხისმგებლობას იმაზე, რომ ვერ ბრუნდება ან თვითონ აანონსებს დაბრუნებას, მერე ლანძღავს საკუთარ მომხრეებს, რომლებიც მის დაბრუნებას ელიან. ამ ყველაფრით ივანიშვილის პროპაგანდა კარგად სარგებლობს. მთლიან ოპოზიციურ მოძრაობას დასცინის. სრულ აბსურდად გადაიქცა ვითარება - თავად ითხოვს, რომ მისი დაბრუნება მოითხოვონ და ვინც მოითხოვს, სუსის აგენტობას აბრალებს.

2. "რა უფლებით "ღიზიანდებით" როცა მისი მომხრეები მისი პერსონის საერთო ოპოზიციურ ლიდერად წარმოჩენას ცდილობენ - სააკაშვილმა 27% მიიღო, თქვენ -3%"

სიმართლე ისაა, რომ ენმ-მ და მის გარშემო მყოფმა ჯგუფებმა არსებითად მეტი ხმა მიიღეს, ვიდრე დანარჩენმა ოპოზიციამ, მაგრამ შეფარდება 27|3-თან არაა. დანარჩენმა ოპოზიციამ, პატრიოტთა ალიანსისა და ოცნების სატელიტების გამოკლებით, 17%-ამდე აიღო. მიუხედავად იმისა, რომ ეს მანიპულირებული არჩევნების შედეგად დაწერილი რიცხვებია, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ პროპორცია რეალურ არჩევნებზეც მეტნაკლებად ასეთი იქნებოდა. სააკაშვილს და ნაციონალურ მოძრაობას აშკარა უპირატესობა აქვთ, მაგრამ ოპოზიციურად განწყობილი მნიშვნელოვანი ამომრჩევლისთვის ის არ არის და არ იქნება ლიდერი. ყველა ჯერზე, როდესაც სააკაშვილის გარემოცვა საპროტესტო ელექტორატის 1/3 -ზე მეტისთვის სააკაშვილის ლიდერად, ამა თუ იმ ფორმით თავს მოხვევას შეეცდება, ადეკვატურ ნეგატიურ საჯარო რეაქციას მიიღებს. ამიტომ, თუ ივანიშვილის წინააღმდეგ ერთიანობა გვინდა, მისი ლიდერობის საკითხის დასმა, პრაგმატულად და პრინციპულად ამისთვის საზიანო ნაბიჯია.

3. "რადგან ერთიან პროტესტში მონაწილეობთ და ნაციონალებთან ერთად ერთ მიტინგზე დგახართ, მაშინ თქვენ ლიდერადაც აღიქმება და შეეგუეთ ამას."

ევროპულ საქართველოს და მე არ მოგვრიდებია და არ გვერიდება არცერთ საკითხთან დაკავშირებით სააკაშვილთან დაპირისპირება. არც ადრე და არც ახლა. ამავე დროს იმაში, რომ გაყალბებული არჩევნების შედეგად დაწერილი რიცხვები ქართველი ხალხის ნებას არ გამოხატავს და რომ ამასთან შეგუება ქვეყნისთვის დამღუპველია, რატომ და როგორ უნდა გავემიჯნოთ. ეს ჩვენი გულწრფელი პოზიციაა.

მოკლედ რომ შევაჯამო, ვისაც ქვეყნისთვის დიდი საფრთხის აცილება და ივანიშვილის რეჟიმის დამარცხება სურს, სააკაშვილის პერსონას თავი უნდა დაანებოს და კონცენტრირდეს მშვიდობიან პროტესტზე აქ, საქართველოში.

წერს ევროპული საქართველოს ლიდერი, გიგა ბოკერია, სოციალურ ქსელში.

კომენტარები