პერუ

პერუს დროებითი პრეზიდენტი მანუელ მერინო თანამდებობის დაკავებიდან 5 დღეში გადადგა

მანუელ მერინო
AP

პერუს დროებითი პრეზიდენტი მანუელ მერინო თანამდებობის დაკავებიდან 5 დღეში გადადგა. მიზეზი ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს პოლიციის მიერ ორი დემონსტრანტის მოკვლაა.

კონგრესის ყოფილმა სპიკერმა, მერინომ გარდამავალი პრეზიდენტის პოსტი 12 ნოემბერს დაიკავა, მას შემდეგ, რაც ქვეყნის კონგრესმა არჩეულ პრეზიდენტ მარტინ ვისკარას იმპიჩმენტი გამოუცხადა. პროტესტი სწორედ ვისკარას გადაყენებასა და მისი ხელისუფლების დე ფაქტო მთავრობით ჩანაცვლებას მოჰყვა, რაც პერუელთა ნაწილს სახელმწიფო გადატრიალებად მიაჩნია. ვისკარას იმპიჩმენტს ქრთამის აღების საფუძველზე კონგრესის 130 წევრიდან 105-მა მხარი დაუჭირა. თავად ყოფილი პრეზიდენტი ბრალდებას უარყოფს.

მასშტაბური აქცია 14 ნოემბერს გაიმართა. აქციაზე მოკლულთა ასაკი 22 და 24 წელია. მათ ჭრილობები ცეცხლსასროლი იარაღით ჰქონდათ მიყენებული.

აქციის დარბევის შემდეგ დაკარგულად ითვლება 40-ზე მეტი ადამიანი. დაშავდა 90-ზე მეტი.

მომიტინგეების წინააღმდეგ გამოიყენეს ცრემლსადენი გაზი, წყლის ჭავლი და ხელკეტები.

დარბევის შემდეგ აქციები კვლავ გაგრძელდა. მომიტინგეები მერინოს გადადგომას მოითხოვდნენ.

მერინოს გადადგომა მოითხოვეს კონგრესმენებმაც. ასევე ჯორჯ ფორსაითმაც, ყოფილმა მეკარემ, რომელიც 2021 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭისყრას გეგმავს და ბოლო გამოკითხვებით ლიდერობს. მას მიაჩნია, რომ კონგრესმა მერინოს შემცვლელი იმ 19 კონგრესმენიდან უნდა აარჩიოს, რომელმაც ვისკარას იმპიჩმენტს მხარი არ დაუჭირა.

კონგრესმა უკვე უყარა კენჭი დროებით პრეზიდენტად მემარცხენე პოლიტიკოსის, ადამიანის უფლებათა დამცველის, როსიო სილვა-სანტისტებანის დანიშვნას, თუმცა მისმა კანდიდატურამ საკმარისი მხარდაჭერა ვერ მოიპოვა.

ვისკარა პერუელებს მოუწოდებს, არ მისცენ კონგრესს უფლება, კიდევ ერთხელ გადაწყვიტოს ვინ უნდა ჩაუდგეს ქვეყანას სათავეში. მას სურს, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ განიხილოს - იყო თუ არა კანონიერი მისი იმპიჩმენტი. განხილვა 18 ნოემბერს იყო დანიშნული, თუმცა მიმდინარე მოვლენების გამო 16 ნოემბერს გადმოიტანეს.

ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა პერუელი ნობელიანტი მწერალი, მარიო ვარგას ლიოსა.

"ორი ახალგაზრდა ადამიანი აბსურდულად, სულელურად და უსამართლოდ შეიწირა პოლიციამ. მჯერა, აუცილებელია, რომ რეპრესია - რომელიც მთელი პერუს წინააღმდეგ ხდება - შეწყდეს, ვინაიდან მას მთელი პერუ აპროტესტებს". – თქვა მან ვიდეო მიმართვაში.

კომენტარები