ოკუპირებული ცხინვალი

ოკუპირებული ცხინვალიდან მოქალაქე საავადმყოფოში გადაყვანისას გარდაიცვალა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ცნობით, 14 ნოემბერს წითელი ჯვრის ჩართულობით ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან სამკურნალოდ გადმოიყვანეს ახალგორში მცხოვრები ონისე გათენაშვილი. მოქალაქე საავადმყოფოში ტრანსპორტირებისას გარდაიცვალა. მინისტრის აპარატის ინფორმაციით პაციენტი უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში იმყოფებოდა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანაში გარდაიცვალა.

"ოკუპირებული ახალგორი ერთ წელზე მეტია ჩაკეტილია. ე.წ. გადასასვლელი პუნქტების გაუქმებამ უკვე 16 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ოკუპანტები მოქალაქეებს საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლის საშუალებას არ აძლევენ, რაც მათ კრიტიკულად მნიშვნელოვან ჯანდაცვის სერვისებზე წვდომას უზღუდავს." – წერია შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის განცხადებაში.

მინისტრის აპარატი საერთაშორისო ორგანიზაციებსა და პარტნიორებს მოუწოდებს, გააძლიერონ ზეწოლა საოკუპაციო რეჟიმზე.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის სახელმწიფო მინისტრის აპარატი სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს.

"საოკუპაციო რეჟიმის გულგრილმა დამოკიდებულებამ მორიგი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. სამძიმარს ვუცხადებთ გარდაცვლილი ონისე გათენაშვილის ოჯახს." – წერია განცხადებაში.

კომენტარები