არჩევნები 2020

კანდელაკი: მარნეულის 65-ე უბანზე ეუთოს დამკვირვებელს ფიზიკური ანგარიშსწორებით დაემუქრნენ

 ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი კანდელაკი ამბობს, რომ მარნეულში, 65-ე უბანზე არჩევნების შედეგები გაყალბდა და ადგილზე ეუთოს დამკვირვებელს ფიზიკური ანგარიშსწორებით დაემუქრნენ. 

გიორგი კანდელაკის თქმით, ინციდენტში მონაწილეობდა მარნეულის საკრებულოს თანამშრომელი, ელშან გასანოვი. 

"მარნეულში, 65-ე უბანზე ხმების დათვლის დროს შემოვიდა მარნეულის საკრებულოს თანამშრომელი, ელშან გასანოვი, რომელმაც უბიდან ამოიღო ბიულეტენების დასტა, დაყარა მაგიდაზე და თქვა, რომ ეს ბიულეტენები იპოვა იატაკზე". – ამბობს კანდელაკი

პოლიტიკოსის თქმით, ამ ფაქტს ასევე შეესწრო ეუთოს გრძელვადიანი დამკვირვებელი კირა კაურინკოსკი, რომელმაც გამოთქვა გაკვირვება მომხდარ ფაქტზე, რის შემდეგაც მას ფიზიკური ანგარიშსწორებით დაემუქრნენ. 

"ეუთოს გრძელვადიან დამკვირვებელს ფიზიკური ანგარიშსწორებით დაემუქრნენ იქ მყოფი ქართული ოცნების წარმომადგენლები, ასევე ადგილი ჰქონდა გაწევ-გამოწევას და ეს დასტა ბიულეტენებისა, სადაც შემოხაზული იყო 41 ნომერი, საბოლოოდ მიათვალეს ხმების საბოლოო რაოდენობას". – ამბობს კანდელაკი 

გიორგი კანდელაკი აღნიშნავს, რომ ინფორმაცია ინციდენტის შესახებ უკვე მიაწოდა საერთაშორისო ორგანიზაციებს. 

"ინფორმაცია ამ ინციდენტის შესახებ მიწოდებული აქვს არა მხოლოდ ეუთოს მისიას, არამედ ყველა რელევანტურ პოლიტიკურ ფიგურას და უწყებას ევროპარლამენტში, რა თქმა უნდა, შეერთებული შტატების კონგრესის ჰელსინკის კომისიაში, რომელიც პირდაპირ არის დაკავებული ეუთოსთან ურთიერთობებით და ყველა იმ პოლიტიკურ ფიგურას, რომელიც დაინტერესებულია საქართველოში დემოკრატიის განმტკიცებით". – თქვა გიორგი კანდელაკმა.
 

ოპოზიციური პარტიები არჩევნები შედეგებს არალეგიტიმურად მიიჩნევენ. საჩივრების განხილვის პარალელურად, ოპოზიციის წევრებმა და აქტივისტებმა საოლქო საარჩევნო კომისიებთან აქციები გამართეს. ისინი ამბობდნენ, რომ კომისიის წევრები საჩივრებს ფორმალურად განიხილავდნენ. ასევე, ოპოზიციის წევრები სხდომაზე დასწრებას ითხოვდნენ, რის უფლებაც არ მისცეს. ცესკომ აქციები "ზეწოლის მცდელობად" შეაფასა.

განცხადება გაავრცელეს საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ და დემოკრატიულმა არჩევნებმა. მათი ინფორმაციით, საოლქო საარჩევნო კომისიები საჩივრებს განხილვის გარეშე ტოვებდნენ. ორგანიზაციები მოუწოდებდნენ კომისიებს, გადაეთვალათ, რაც შეიძლება მეტი უბნის ბიულეტენი და "ამ გზით გაზარდონ ნდობა არჩევნების შედეგების მიმართ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინიც იქნებიან პასუხისმგებლები ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ კრიზისზე".

კომენტარები