არჩევნები 2020

ომბუდსმენი TV იმედზე: უგულავა არ იყო ეთიკური, მაგრამ არ გაცდენია გამოხატვის თავისუფლებას

სახალხო დამცველი

სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას შეფასებით, ევროპული საქართველოს წევრის, გუიგი უგულავას მიმართვა იმედის და საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტების მიმართ არ გაცდენია გამოხატვის თავისუფლების ფარგლებს.

"პირველ რიგში, მინდა მადლობა გადავუხადო მედიის წარმომადგენლებს, რომლებიც საკუთარი ჯანმრთელობის ფასად, ძალიან დაძაბულ ვითარებაში უწყვეტ რეჟიმში აშუქებდნენ მოვლენებს. ბევრი მათგანი დაშავდა და დაუზიანდათ აპარატურა, რაც აუცილებლად უნდა გახდეს გამოძიების დაწყების საფუძველი.

სამწუხაროდ, ხშირია პოლიტიკოსების, მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან ჟურნალისტების მიმართ შეურაცხმყოფელი, დამამცირებელი მიმართვები, რაც ჩემთვის მიუღებელია და ცდება პოლიტიკური ეთიკის და კულტურის ფარგლებს. სწორედ ისინი უნდა აძლევდნენ საზოგადოებას ჟურნალისტებთან ურთიერთობის მაგალითს.

რაც შეხება ამ კონკრეტული ინციდენტის სამართლებრივ შეფასებას, გიგი უგულავას მიმართვაც არ იყო ეთიკური, თუმცა, კომენტარი არ გაცდენია გამოხატვის თავისუფლების უფლებით დაცულ ფარგლებს, რა შემთხვევაშიც, ჩვენ აუცილებლად გვექნებოდა და გვექნება მომავალშიც რეაგირება.

კიდევ ერთხელ, მოვუწოდებ ყველა პოლიტიკოსს, მიუხედავად დაძაბულობისა, პატივი სცენ მედიის წარმომადგენლებს და ხელი შეუწყონ მათ უსაფრთხო და თავისუფალ გარემოში მუშობას" - აცხადებს ნინო ლომჯარია.

ტელეკომპანია იმედმა განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, 8 ნოემბერს, ცესკოსთან გამართულ აქციაზე ევროპული საქართველოს გენერალური მდივანი, გიგი უგულავა მათ ჟურნალისტ რუსა შელიას "ლამის" ფიზიკურად გაუსწორდა.

"იმედის ჟურნალისტის ყველა კითხვას ცინიზმითა და აგრესიით პასუხობდნენ ოპოზიციის ლიდერები. გიგი უგულავა ჟურნალისტ რუსა შელიას ლამის ფიზიკურად გაუსწორდა და აქციის მონაწილეები, რომლებიც ნასვამ მდგომარეობაში ქვებითა და ხელკეტებით იყვნენ შეიარაღებული, თავისი ქცევით წაახალისა, რომ მომხდარიყო ფიზიკური თავდასხმა ჟურნალისტზე". - წერია განცხადებაში.

იმედის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში მოყოლილია მათი რამდენიმე ჟურნალისტის შესახებ, რომლებიც 8 ნოემბრის აქციებს აშუქებდნენ. ტელეკომპანიის ცნობით, ცესკოსთან გამართულ აქციაზე ფიზიკურად გაუსწორდნენ ჟურნალისტ ანუკი გუმბერიძეს, ხოლო ჟურნალისტი ქეთი ფარცხალაძე აგრესიისა და ჩაგვრის ობიექტი იყო.

განცხადების მიწურულს, ტელეკომპანიამ სოლიდარობა გამოუცხადა საზოგადოებრივ მაუწყებელს, სადაც იმედის ცნობით, "ჟურნალისტებზეც ანალოგიურად ხორციელდება ზეწოლა" და დიპლომატიურ კორპუსს მოუწოდა, შეისწავლონ და რეაგირება მოახდინონ ტერორის ფაქტებზე.

ოპოზიცის ლიდერები და სამოქალაქო აქტივისტები პარლამენტის შენობასთან 8 ნოემბერს, 15:00 საათზე შეიკრიბნენ. აქციის დაწყებიდან მალევე მათ მთავარი მოთხოვნები წამოაყენეს.

ოპოზიციამ ხელახალი არჩევნების ჩანიშვნა, ცესკოს მოქმედი თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას გადადგომა და პოლიტპატიმრების გათავისუფლება მოითხოვა. მათ ქართულ ოცნებას დრო 20:00 საათამდე მისცეს და წამზომი ჩართეს.

მას მერე, რაც ხელისუფლებამ მოთხოვნები არ დააკმაყოფილა, ოპოზიციამ ხალხს სამოქმედო გეგმა გააცნო - მათ ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობასთან გადანაცვლება გადაწყვიტეს. ენმ-ძალა ერთობაშიას ლიდერმა, ნიკა მელიამ თქვა, რომ ხელახალი არჩევნების ჩანიშვნამდე ცესკო-ს შენობაში ვერავინ შევიდოდა და ვერავინ გამოვიდოდა.

მანამ, სანამ ოპოზიციის წევრები და აქციის მონაწილეთა უმრავლესობა გზაში იყო, ცესკოსთან აქტივისტთა ნაწილი შეიკრიბა. მათი ნაწილი რკინის ჯებირებზე ქვებს აბრახუნებდა. ჯებირებს მიღმ სპეცრაზმისა და პოლიციის მრავალრიცხოვანი შემადგენლობა და ტექნიკა იდგა. მომიტინგეები ძალოვნებმა წყლის ჭავლით დაშალეს. უწყებამ გადაწყვეტილება, რომელიც ადგილობრივი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების, ასევე სახალხო დამცველის მიერ დანაშაულად და უსაფუძვლოდ შეფასდა, "გადაუდებელი აუცილებლობით" ახსნა.

აღსანიშნავია ისიც, რომ წყლის ჭავლი გაუფრთხილებლად გამოიყენეს. აქტივისტები ამის შესახებ წინასწარ არავის გაუფრთხილებია და მათთვის დაშლისკენ არავის მოუწოდებია.

პარალელურად, ბრიფინგი გაიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროში, სადაც თქვეს, რომ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ პროპორციული ძალა გამოიყენეს. ქართულ ოცნებაში კი ამბობდნენ, რომ "როცა თავს დამესხმებით, გაფრთხილებას ვერ დავიწყებ, მარტივი იურიდიული კაზუსია."

რუსთაველიდან ფეხით მომავალი ოპოზიციის ლიდერებისა და პროტესტტის სხვა მონაწილეების შემოერთებიდან მალევე, სპეცრაზმმა წყლის ჭავლის გამოყენება განაახლა. აქტივისტების დასარბევად იყენებდნენ ხელკეტებსაც. მოქალაქეთა ნაწილი ამბობს, რომ გაუშვეს აირიც, რასაც შინაგან საქმეთა სამინისტრო უარყოფს და დეზინფორმაციას უწოდებს.

დარბევის დაშავდა რამდენიმე ადამიანი. დაშავებულებს შორის არიან მედიის წარმომადგენლები.

მანამ, სანამ მოთხოვნები არ შესრულდება, ოპოზიციის წარმომადგენლები უწყვეტ საპროტესტო აქციებს გეგმავენ.

8 ნოემბერი – აქციის დარბევის ქრონოლოგია იხილეთ აქ.

კომენტარები