"ჩვენ ვაგრძელებთ მშვიდობიან პროტესტს გაყალბებული არჩევნების წინააღმდებ" - ოთხმა ოპოზიციურმა პარტიამ (გირჩი, ევროპული საქართველო, ლელო, სტრატეგია აღმაშენებელი) ერთობლივი განცხადება მიიღო. ისინი მოუწოდებენ მშვიდობიან მანიფესტანტებს, არ შევიდნენ ფიზიკურ კონფრონტაციაში პოლიციასთან. ოპოზიციური პარტიების შეფასებით, "ნებისმიერი, ვინც ასე არ მოიქცევა, თავად გაემიჯნება მშვიდობიან პროტესტს". ისინი შსს-სგანაც მოითხოვენ, არ დაუშვან პოლიციური ძალების ახლო კონტაქტი მომიტინგეებთან.
"ივანიშვილის რეჟიმმა უკვე ბევრჯერ გვაჩვენა, რომ აპირებს უკანონო ძალის გამოყენებით ხელისუფლების შენარჩუნებას. ცესკოს წინ მშვიდობიანი მანიფესტანტების დარბევა წყლის ჭავლით და გუშინ სამოქალაქო აქტივისტების უკანონო დაკავება წარმოადგენს ამ არალეგიტიმური რეჟიმის ქვეყნისთვის სახიფათო რეაქციას მშვიდობიან პოლიტიკურ და სამოქალაქო პროტესტზე.
ჩვენ კიდევ ერთხელ ვიმეორებთ ჩვენს მყარ პოზიციას, რომ არ ვაპირებთ გაყალბებული არჩევნების შედეგების აღიარებას, მეორე ტურებში მონაწილეობას და არალეგიტიმურ პარლამენტში შესვლას.
ჩვენი მოთხოვნები უცვლელია - არჩევნების ხელახლა ჩატარება, ცესკოს ადმინისტრაციის შეცვლა და პოლიტპატიმრების გათავისუფლება. სწორედ ამ საკითხზე უნდა გაიმართოს დიალოგი ივანიშვილის რეჟიმთან საქართველოს საერთაშორისო მეგობრების შუამავლობით.
მოვითხოვთ შსს-სგან, არ დაუშვან პოლიციური ძალების ახლო კონტაქტი მომიტინგეებთან, რადგან მათი კომპეტენცია და გამოცდილება არაა საკმარისი ამ ტიპის ვითარების ეფექტურად და კანონის ფარგლებში სამართავად.
მოვუწოდებთ მშვიდობიან მანიფესტანტებს, მათ შორის ნებისმიერი პოლიტიკური ჯგუფის მხარდამჭერებს, რომლებიც სამართლიანად არიან აღშფოთებული გაყალბებული არჩევნების და ხელისუფლების მხრიდან ძალადობის გამო, არ შევიდნენ ფიზიკურ კონფრონტაციაში პოლიციასთან. ნებისმიერი, ვინც ასე არ მოიქცევა, თავად გაემიჯნება მშვიდობიან პროტესტს.
ჩვენ მზად ვართ გრძელვადიანი და მშვიდობიანი პროტესტისთვის. ჩვენი პროტესტის ძალა მშვიდობიან ქმედებებშია" - წერია განცხადებაში.
ოპოზიციის შეთანხმებით, მომდევნო საპროტესტო აქცია 14 ნოემბერს, თბილისში გაიმართება. გარდა ამისა, 21 ნოემბერს, არჩევნების მეორე ტურების დროს, რომელშიც ოპოზიცია არ მონაწილეობს, მშვიდობიანი ცოცხალი ჯაჭვი გაკეთდება.
პროტესტი მას შემდეგ დაიწყო, რაც ცესკომ წინასწარი შედეგები გამოაცხადა და ხარვეზიანი ოქმების შესახებ გახდა ცნობილი.
8 ნოემბრის აქციიდან მანიფესტანტებმა ცესკოსთან გადაინაცვლეს, სადაც სპეცრაზმმა წყლის ჭავლი რამდენჯერმე გაუფრთხილებლად გამოიყენა.





