არჩევნები 2020

მარიკაშვილი: მჟავანაძის გადმოცემით, მასზე პოლიციის ეზოში პოლიციელებმა ფიზიკურად იძალადეს

ტაბულა

იურისტ ედუარდ მარიკაშვილის ცნობით, პარლამენტთან გამართულ აქციაზე დაკავებულ სირცხვილიას ერთერთ აქტივისტ გიორგი მჟავანაძეზე პოლიციელებმა პოლიციის ეზოში ფიზიკურად იძალადეს. ამის შესახებ მარიკაშვილი საკუთარ Facebook გვერდზე წერს.

"რადგან უკვე დავრწმუნდი, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ხვალ გიორგი მჟავანაძეს გამოკითხავს გამოძიების ფარგლებში და დაიწყო გამოძიება, ხოლო ამ წუთებში ფაქტს აფიქსირებს სახალხო დამცველის მოადგილე, საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ გიორგი მჟავანაძის გადმოცემით, მასზე პოლიციის ეზოში პოლიციელებმა ფიზიკურად იძალადეს და მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა. ამ ფაქტს ყავს თვითმხილველებიც და აუცილებლად უნდა დაისაჯოს ყველა ის პირი, ვინც ეს ჩაიდინა". – წერს მარიკაშვილი.

შეზღუდვების პერიოდში (22:00-05:00) საპროტესტო აქციის მონაწილეების სანქცირებასთან დაკავშირებით დღეს განცხადება გააკეთა სახალხო დამცველმა. აპარატის განცხადებაში აღნიშნულია, რომ "საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ" საქართველოს კანონი შესაძლებლობას იძლევა, შეიზღუდოს გადაადგილების თავისუფლება, და არა შეკრება-მანიფესტაციის უფლება. შესაბამისად, მთავრობის დადგენილების გამოყენება მანიფესტაციისა და გამოხატვის აკრძალვის მიზნით, არაკონსტიტუციური იქნება.

ასევე არასამთავრობო ორგანიზაციები (GDI, ISFED, HRC, TI) საქართველოს მთავრობის დადგენილებით კომენდანტის საათის დაწესებას არაკონსტიტუციურს უწოდებენ.

ამ წუთებში რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქტივისტები შეზღუდვებს დაუმორჩილებლობას უცხადებენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, პარლამენტთან აქციაზე ოთხი პირი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-173 მუხლებით დააკავეს.

კომენტარები