არჩევნები 2020

თალაკვაძე: პოლიტიკური სტაბილურობის ერთადერთი გზა არჩევნების შედეგების პატივისცემაა

არჩილ თალაკვაძე
საქართველოს მთავრობა

"ჩვენ იმთავითვე განვაცხადეთ, რომ ერთადერთი გზა, რომელიც შეიძლება მომავალი პოლიტიკური სტაბილურობის საფუძველი გახდეს, ეს არის პირველ რიგში არჩევნების შედეგების პატივისცემა და რა თქმა უნდა, სამუშაო პროცესში შესვლა". - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ რუსთავი 2-ის ეთერში თქვა. 

მისი თქმით, ქართული ოცნების ლიდერებმა დისკუსიისა და საუბრის მზადყოფნა არაერთხელ გამოთქვეს. 

"რასაკვირველია, ახლაც ჩვენი პოზიცია კვლავ ძალაშია, ამასთან დაკავშირებით. მეტსაც გეტყვით, რომ ჩვენ მიგვაჩნია, რომ საზოგადოების გამაერთიანებელი და ერთიანი, ძლიერი სახელმწიფოს, ძლიერი საზოგადოების ჩამოყალიბების მისია და ამოცანა შეუძლია ქართულ ოცნებას, რომ იტვირთოს, განსაკუთრებით, მე-10 მოწვევის პარლამენტში, სადაც ჩვენ მთელი რიგი დემოკრატიული რეფორმები გავატარეთ იმისთვის, რომ საზოგადოების პრაქტიკულად, ყველა ნაწილის ხმა, მათი პოლიტიკური გემოვნება და მოსაზრებები ყოფილიყო წარმოდგენილი პარლამენტში. იგივეს მოგვიწოდებენ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, მეგობრები, მთელი დასავლური საზოგადოება". - ამბობს თალაკვაძე. 

31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგების გამოქვეყნებას ოპოზიცური პარტიებისა და ამომრჩევლების პროტესტი მოჰყვა. ისინი არჩევნების შედეგებს არალეგიტიმურად, გაყალბებულად მიიჩნევენ და რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ. 

ოპოზიციის წევრებმა და აქტივისტებმა მთავრობის დაწესებულ შეზღუდვებს დაუმორჩილებლობა გამოუცხადეს და აქცია პარლამენტთან ამ წუთებში, 22:00 საათის მერეც გრძელდება. 

კომენტარები