არჩევნები 2020

NGO-ები: მმართველ და ოპოზიციურ პარტიებს მოლაპარაკებების დაწყებისკენ მოვუწოდებთ

სამმა არასამთავრობო ორგანიზაციამ – საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ და სამართლიანმა არჩევნებმა საერთო განცხადება გამოაქვეყნა, სადაც ხელისუფლებასა და ოპოზიციას საერთაშორისო საზოგადოების მედიაციით მოლაპარაკებების დაწყებისკენ მოუწოდა.

განცხადება წინასაარჩევნო პერიოდის აღწერით იწყება, სადაც ყურადღება გამახვილებულია მთავრობასა და მმართველ პარტიას შორის ზღვარის გაქრობაზე, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე, სამართალდამცველებში სავარაუდო პოლიტიკურ გავლენებზე.

"არჩევნების დღე გამოირჩეოდა სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლებზე  და ჟურნალისტებზე თავდასხმის, ამომრჩევლის მოსყიდვის, საარჩევნო უბნების გარეთ დაპირისპირების ინციდენტების  სიმრავლით. სერიოზულ პრობლემას წარმოადგენდა შემაჯამებელ ოქმებში დაფიქსირებული უზუსტობები, კერძოდ, დისბალანსის მაღალი მაჩვენებელი, რაც ბოლო რამდენიმე არჩევნებზე არ დაფიქსირებულა, გადასწორებები, შესწორების ოქმების გაუმჭვირვალედ და ობიექტური შესწავლის გარეშე შედგენა". – წერია განცხადებაში. 

ამასთან ერთად არასამთავრობო ორგანიზაციები წერენ, რომ ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს გუშინ, 8 ნოემბერს, ცესკოსთან შეკრებილი პროტესტანტების წინააღმდეგ სამართალდამცველების ქცევა, როდესაც სპეცრაზმმა აქცია წყლის ჭავლითა და ხელკეტებით დაარბია.

"მიუხედავად იმისა, რომ 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები საქართველოსთვის აშკარად უკან გადადგმული ნაბიჯი და „ქართული ოცნების” ხელისუფლების პირობებში ჩატარებული ყველაზე ცუდი არჩევნები იყო, მიგვაჩნია, რომ ჯერ კიდევ არსებობს შანსი იმისა, რომ პოლიტიკური დიალოგის გამოყენებით ჩიხური სიტუაციიდან გამოსავალი მოიძებნოს.

მოვუწოდებთ, როგორც მმართველ, ისე ოპოზიციურ პარტიებს დაიწყონ მოლაპარაკებები, მათ შორის საერთაშორისო საზოგადოების მედიაციით, ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანის მიზნით". - წერია განცხადებაში.

არასამთავრობო ორგანიზაციები წერენ, რომ უმძიმესი პოლიტიკური კრიზისის თავიდან ასაცილებლად მნიშვნელოვანია, ყველა მხარემ მაქსიმალური ძალისხმევა გაწიოს და პოლიტიკოსებმა მოლაპარაკების მაგიდასთან გადაწყვიტონ "პრობლემური უბნების კონკრეტული კრიტერიუმებით გადათვლისა და მეორე ტურების სამართლიანად ჩატარების საკითხები".

ყველა ოპოზიციურმა პარტიამ არჩევნების შედეგებს ბოიკოტი გამოუცხადა და არცერთი მათგანი საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტში არ შედის. მანდატებზე უარი თქვეს ევროპულმა საქართველომ, ლელომ, ლეიბორისტულმა პარტიამ, გირჩმა, ენმ-ძალა ერთობაშიამ, სტრატეგია აღმაშენებელმა, მოქალაქეებმა და პუტინისტურმა პატრიოტთა ალიანსმა.

საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციები არჩევნების პროცესში მოსყიდვაზე, დაშინებასა და ძალადობაზე საუბრობენ, თუმცა ამბობენ, რომ "31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები კონკურენტულ გარემოში და ზოგადად ძირითადი თავისუფლებების დაცვით ჩატარდა. ამის მიუხედავად, ამომრჩევლებზე ზეწოლის შესახებ ფართოდ გავრცელებული ბრალდებები და მმართველ პარტიასა და სახელმწიფოს შორის საზღვრის ბუნდოვანება საარჩევნო პროცესის ზოგიერთი ასპექტის მიმართ საზოგადოების ნდობას ამცირებდა".

ადგილობრივი დამკვირვებლები კი არაერთ ხარვეზსა და დარღვევაზე მიუთითებენ. გამოქვეყნდა ISFED-ის (სამართლიანი არჩევნები) ხმების პარალელური დათვლის შედეგებიც, რომლის მიხედვითაც, ქართულმა ოცნებამ ხმების 45.8% მიიღო, ენმ-ძალა ერთობაშიამ – 26.4%, ევროპულმა საქართველომ – 3.7%. ცდომილების ხარისხი 0.7%-ია.

ამასთან, სამართლიანი არჩევნების შემაჯამებელი ანგარიშის მიხედვით, საარჩევნო უბნების 8%-ზე გამოვლინდა შემაჯამებელი ოქმების დისბალანსის შემთხვევები, რაც გულისხმობს ბიულეტენების ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობაზე მეტობას.

"მიუხედავად იმისა, რომ ამ ტენდენციას, შესაძლოა, გარკვეული გავლენა მოეხდინა საარჩევნო სუბიექტების მიერ ნაჩვენებ შედეგებზე, PVT ანალიზი აჩვენებს, რომ შედეგებზე შესაძლო მაქსიმალური გავლენა იქნებოდა 4.1%-ზე ნაკლები". – წერს ორგანიზაცია.

გუშინ, 8 ნოემბერს, პარლამენტთან ოპოზიციური პარტიების აქცია გაიმართა, სადაც ოპოზიციამ სამი მოთხოვნა - ხელახალი არჩევნების ჩანიშვნა, თამას ჟვანიას გადადგომა და პოლიტპატიმრების გათავისუფლება წამოაყენა და ამისთვის ქართულ ოცნებას დრო 20:00 საათამდე მისცა.

მას შემდეგ, რაც ოპოზიციური პარტიების მოთხოვნები არ დაკმაყოფილდა, მათ მხარდამჭერებთან ერთად ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობასთან გადაინაცვლეს. ენმ-ძალა ერთობაშიას ლიდერმა, ნიკა მელიამ თქვა, რომ ცესკო-ს შენობაში ვერავინ შევიდოდა და ვერავინ გამოვიდოდა.

მანამ, სანამ ოპოზიციის წევრები და აქციის მონაწილეთა უმრავლესობა გზაში იყო, ცესკოსთან აქტივისტთა ნაწილი შეიკრიბა. მათი ნაწილი რკინის ჯებირებზე ქვებს აბრახუნებდა. ჯებირებს მიღმა სპეცრაზმისა და პოლიციის მრავალრიცხოვანი შემადგენლობა და ტექნიკა იდგა. მომიტინგეები ძალოვნებმა წყლის ჭავლით დაშალეს. უწყებამ გადაწყვეტილება, რომელიც ადგილობრივი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების, ასევე სახალხო დამცველის მიერ დანაშაულად და უსაფუძვლოდ შეფასდა, "გადაუდებელი აუცილებლობით" ახსნა.

აღსანიშნავია ისიც, რომ წყლის ჭავლი გაუფრთხილებლად გამოიყენეს. აქტივისტები ამის შესახებ წინასწარ არავის გაუფრთხილებია და მათთვის დაშლისკენ არავის მოუწოდებია.

პარალელურად, ბრიფინგი გაიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროში, სადაც თქვეს, რომ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ პროპორციული ძალა გამოიყენეს. ქართულ ოცნებაში კი ამბობდნენ, რომ "როცა თავს დამესხმებით, გაფრთხილებას ვერ დავიწყებ, მარტივი იურიდიული კაზუსია."

რუსთაველიდან ფეხით მომავალი ოპოზიციის ლიდერებისა და პროტესტის სხვა მონაწილეების შემოერთებიდან მალევე, სპეცრაზმმა წყლის ჭავლის გამოყენება განაახლა. აქტივისტების დასარბევად იყენებდნენ ხელკეტებსაც. მოქალაქეთა ნაწილი ამბობს, რომ გაუშვეს აირიც, რასაც შინაგან საქმეთა სამინისტრო უარყოფს და დეზინფორმაციას უწოდებს.

დარბევის დაშავდა რამდენიმე ადამიანი. დაშავებულებს შორის არიან მედიის წარმომადგენლები.

მანამ, სანამ მოთხოვნები არ შესრულდება, ოპოზიციის წარმომადგენლები უწყვეტ საპროტესტო აქციებს გეგმავენ.

კომენტარები