არჩევნები 2020

ცესკოსთან მისასვლელი ყველა გზა გადაკეტილია

ტაბულა

ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან მისასვლელი ყველა გზა გადაკეტილია. ტაბულას ინფორმაციით, მოქალაქეებს მიმდებარე ტერიტორიაზე არ უშვებენ და უკან აბრუნებენ. 

ამ დროისთვის ცესკოს შენობასთან ოპოზიციის წევრები და აქტივისტები საპროტესტო აქციას მართავენ. მანამდე, სანამ აქციას ოპოზიციის ლიდერები და აქტივისტთა უმრავლესობა შეუერთდებოდა, სპეციალური დანიშნულების რაზმმა წყლის ჭავლი გაუფრთხილებლად რამდენჯერმე გამოიყენა. მათ აქტივისტები არც წინასწარ გაუფრთხილებიათ და მათთვის არც დაშლისკენ მოუწოდებიათ.   

შინაგან საქმეთა სამინისტროს მტკიცებით, წყლის ჭავლის გაუფრთხილებლად გამოყენება "გადაუდებელი აუცილებლობა" იყო. წყლის ჭავლის გამოყენების შედეგად, ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, დაშავდა ერთი ადამიანი - როგორც კადრებში ჩანს, მას თვალი დაუზიანდა. 

ასევე, თვითმხილველები ამბობენ, რომ სპეცრაზზმმა აირიც გამოიყენა - თუმცა ამას შსს არ ადასტურებს და დეზინფორმაციას უწოდებს.  

პარლამენტთან გამართული საპროტესტო აქციის შემდეგ ოპოზიციის წევრებმა და მათმა მხარდამჭერებმა ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან გადანაცვლება გადაწყვიტეს. ენმ-ძალა ერთობაშიას ლიდერის, ნიკა მელიას თქმით, შენობაში ვერავინ შევა და გავა, მანამ, სანამ ახალი არჩევნები არ ჩატარდება.

ოპოზიციამ ქართულ ოცნებას დრო 20:00 საათამდე მისცა. მათი მთავარი მოთხოვნა იყო თამარ ჟვანიას გადაყენება, ახალი არჩევნების ჩატარება და პოლიტპატიმრების გათავისუფლება. მას შემდეგ, რაც დრო ამოიწურა, ოპოზიციამ ცესკოსთან გადანაცვლება გადაწყვიტა.

კომენტარები