არჩევნები 2020

კობახიძე: მელიამ თქვა, რომ ჩვენ დავუკავშირდით ოპოზიციის წარმომადგენლებს, რაც არის სიცრუე

ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგი გამართა და პარლამენტის წინ გამართულ აქციაზე ნიკა მელიას მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.

"რაც შეეხება ოპოზიციასთან კომუნიკაციას, რაზეც აქციაზე გაკეთდა განცხადება. ნიკანორ მელიამ თქვა ტყუილი, რაც მას ზოგადად ახასიათებს და რაც არ არის კაცისთვის ზოგადად შესაფერი საქციელი. მან თქვა, რომ თითქოს ჩვენ დავუკავშირდით ოპოზიციის წარმომადგენლებს, რაც არის წმინდა წყლის სიცრუე. ჩვენ დაგვიკავშირდა, მე და არჩილ თალაკვაძეს ქალბატონი თინა ბოკუჩავა. ჩვენ მას ვუპასუხეთ, ის არის პარლამენტის წევრი. კომუნიკაციის შინაარსი იყო შემდეგი: მან გვთხოვა ჩვენ დღეს შეხვედრა არჩევნების თემასთან დაკავშირებით, განგვიმარტა ასევე სავარაუდო ფორმატი ამ შეხვედრის, რაზეც ჩვენ მას განვუმარტეთ შემდეგი: ჩვენი ინფორმაციით, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს სურდათ შეხვედრის ორგანიზება მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის. ჩვენ ყოველთვის ვუწევთ ანგარიშს ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მოსაზრებებს, მათ წინადადებებს, და ვთქვით, რომ დაველოდებოდით მათ პოზიციას". - თქვა მან.

მელიამ ხელისუფლებისათვის გამოცხადებული ულტიმატუმის ვადის გასვლის შემდეგ გამოაცხადა, რომ მათთან კავშირზე გავიდნენ კობახიძე და თალაკვაძე და შეხვედრა მომდევნო დღეს შესთავაზეს. მელიამ ასევე გამოაცხადა, რომ აქცია ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობასთან გადაინაცვლებს და იქ დარჩებიან, სანამ ხელახალი არჩევნები არ დაინიშნება.

კომენტარები